ახალი ამბები

ზაპოროჟიიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი კალიუმის იოდიდი გადასცა

10 აგვისტო, 2022 •
ზაპოროჟიიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მლნ აბი კალიუმის იოდიდი გადასცა

ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციული საფრთხის გამო რუმინეთმა მოლდოვას 1 მილიონი აბი კალიუმის იოდიდი გადასცა.  ამის შესახებ მოლდოვური მედია Newsmaker წერს.

თუმცა მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ამჟამად რადიაციული საფრთხე არ არსებობს და მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნოს.

„ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო კალიუმის იოდიდის ხელმისაწვდომობა ქვეყანაში… საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო წამალს თავის განყოფილებებს დაურიგებს“, – აცხადებენ მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტროში.

მანამდე კიშინიოვის მერიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში.

ამასთან, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა წინა დღით ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო და მოითხოვა სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვება.

ამასთან, რუმინეთი კამპანიას აწარმოებს მოსახლეობაში კალიუმის იოდიდის განაწილების მიზნით.  ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პრეპარატი არ არის რეკომენდებული 40 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, რადგან ისინი ნაკლებად მგრძნობიარენი არიან კალიუმის იოდიდით მკურნალობის მიმართ.


ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდია ევროპაში. დაწესებულება მარტის დასაწყისში რუსეთის ჯარმა დაიკავა და მას შემდეგ მოსკოვის კონტროლქვეშაა. ატომურის ელექტროსადგურის კომპლექსის ტერიტორია 5 აგტვისტოს დაიბომბა. მომხდარში მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს თქმით, ერთ-ერთი ჭურვი კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა და წყლის მიმღები დაწესებულება დააზიანა. გარდა ამისა, სამი ჭურვი უშუალოდ სადგურის ტერიტორიაზე დაეცა. შედეგად, დაზიანდა რადიაციის მონიტორინგის სამი დეტექტორი, ასევე ნაგებობა, სადაც ინახებოდა გამოყენებული ბირთვული საწვავის კონტეინერები, რომლებიც მაღალი რადიაციულობით გამოირჩევა.

ზიანის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვებას ის ფაქტი ართულებს, რომ 5 მარტის შემდეგ სადგურს რუსული მხარე აკონტროლებს და მიუხედავად იმისა, რომ იქ ჯერ კიდევ მუშაობენ უკრაინელი მეცნიერები და პერსონალი, გარესამყაროსთან კონტაქტს ვერ ახერხებენ. რუსული მხარე ამ დრომდე ადგილზე არც საერთაშორისო ექსპერტებს უშვებს სიტუაციის შესაფასებლად.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე განხორციელებული შეტევის გამო, რომელიც ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკს შეიცავს და შეიძლება დაემუქროს საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და გარემოს უსაფრთხოებას უკრაინასა და მის ფარგლებს მიღმა“, – განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი