ახალი ამბები

ყირიმში აფეთქების შემდეგ უკრაინის თავდაცვა სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს

9 აგვისტო, 2022 •
ყირიმში აფეთქების შემდეგ უკრაინის თავდაცვა სახანძრო უსაფრთხოების წესებზე მიუთითებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ არ იცის ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკის მახლობლად მომხდარი აფეთქებებისა და ხანძრის მიზეზი.

თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუს ოკუპანტებს სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვისა და იმ ადგილების შესახებ მიუთითებს, სადაც მოწევა დაშვებული არაა.

„უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ვერ ადგენს ხანძრის მიზეზს. თუმცა კიდევ ერთხელ მიუთითებს სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და იმ ადგილებზე, სადაც მოწევა დაშვებული არაა.

ხანძრის ფაქტი ტერორისტულმა ქვეყანამ შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო ომში. არ გამოვრიცხავთ, რომ ოკუპანტებმა „შემთხვევით“ იპოვონ რაიმე დამახასიათებელი „ნიშანი“, „სავიზიტო ბარათი“ ან თუნდაც „დნმ“, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

დღეს, 9 აგვისტოს, რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რამდენიმე აფეთქება მოხდა.

პირველადი ინფორმაციით, საუბარია აფეთქებებზე, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალების აეროდრომზე გაისმა.

უკრაინული მედია წერს, რომ სწორედ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს სამხედრო აეროდრომი, საიდანაც მიფრინავენ გამანადგურებლები და ბომბდამშენები უკრაინის სამხრეთისკენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პირველ კომენტარს აკეთებს ოკუპირებულ ყირიმში, ნოვოფედოროვკაში აფეთქებების შესახებ.

სამინისტრო ირწმუნება, რომ აფეთქება არ უკავშირდება უკრაინულ მხარეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი