თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან შესაბამისი რაიონის კომისარიატშია გადაგზავნილი და თავდაპირველ მდგომარეობაში იქ ინახება.
უწყების განცხადებით, შეუძლებელია, თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო.
რუსულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს უკრაინაში, ლისიჩანსკის მახლობლად ყოფნისას ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე (ქართულენოვანი დოკუმენტები) აქვთ. მიხეილ ქამხაძე აცხადებს, რომ მისი პირადი საქმე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული
თავდაცვის სამინისტროს თქმით, შესაბამისი სამსახური დაადგენს, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწროპარტიული ინტერესების გატარებას.
კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ თითქოს,საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები. ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს. კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტების შესაბამის სტრუქტურებში“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრო ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.
„მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში მდებარე ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს, ქალაქში რუსი სამხედროები კამერის თანხლებით ჩავიდნენ; თავიანთ გადაღებულ ვიდეოში ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოაჩინეს სამხედრო-სასწავლო ბაზა, სადაც, მათი თქმითვე, „მესამე რაიხის დროშა“ და „დაქირავებულები უცხოელი მებრძოლების მონაცემები“ იპოვეს.
კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთი რუსი სამხედრო პირი იღებს ქართველი თადარიგის ოფიცრის, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს. რუსი სამხედროების თქმით, ქამხაძე უკრაინელების ინსტრუქტორი იყო და მათ წვრთნებს უტარებდა.
როგორც ვიდეოში ჩანს, ქამხაძის პირადი საქმე, რომელიც რუსული მედიაში მოხვდა, ქართულენოვანია და მასში არის მისი ავტობიოგრაფი და ისეთი დოკუმენტები, როგორიცაა დაბადების მოწმობა, სამხედრო ვეტერანის მოწმობა, დიპლომები, ჯილდოები, სერტიფიკატები და სხვა.
როგორ მოხვდა ქართველი სამხედროს პირადი საქმე რუსი ჯარისკაცების ხელში