ახალი ამბები

ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოსადმი მტრულად განწყობილს უწოდებს

9 აგვისტო, 2022 •
ოხანაშვილი პოდოლიაკს საქართველოსადმი მტრულად განწყობილს უწოდებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველს, მიხაილო პოდოლიაკს საქართველოსადმი მტრულად განწყობილს უწოდებს და აცხადებს, რომ მისთვის პოდოლილიაკის აზრი საინტერესო არაა.

ოხანაშვილის თქმით, პოდოლიაკის განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩემთვის საინტერესო არ არის ჩვენი ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ადამიანების არასერიოზული და აბსურდული პოზიციები. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების, სუვერენიტეტის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, ვერ იქნება განხილული ჩვენი მხრიდან, როგორც ჩვენთვის სასურველი პირები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესები მათთვის არაფერს ნიშნავს“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“ ვრცელ ინტერვიუში საქართველოზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველომ გააზრებული არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი.

პოდოლიაკის თქმით, თუ საჭირო იქნება, უკრაინული მხარე საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით სრული სახით წარადგენს სამხილებს იმის შესახებ, რომ საქართველო მოსკოვთან თანამშრომლობს.

„დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერ ამას ვსწავლობთ და თუ საჭირო იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკი: საქართველომ უნდა აირჩიოს მხარს უჭერს კაციჭამიებს თუ თავისუფლებას

მასალების გადაბეჭდვის წესი