ახალი ამბები

აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს – დეგნანი

9 აგვისტო, 2022 • 842
აშშ ვერ იტყვის ივანიშვილზე ან სხვაზე, არის თუ არა ოლიგარქი. ეს ხალხმა უნდა განსაზღვროს – დეგნანი

ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ ვერც ბიძინა ივანიშვილზე და ვერც სხვა ნებისმიერზე ვერ იტყვის – არის თუ არა ოლიგარქი. მისი თქმით, ეს თავად ხალხმა უნდა განსაზღვროს.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობას შორის ერთ-ერთი „დეოლიგარქიზაციაა“. „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუს დროს კელი დეგნანს ჰკითხეს, ენდობა თუ არა „დეოლიგარქიზაციაზე“ შექმნილ სამუშაო ჯგუფს, რომელსაც ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობს. ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა, რომ თავად ოხანაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი.

კელი დეგნანმა კითხვაზე საპასუხოდ, თქვა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში და საქართველომ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ აირიდოს არასათანადო გავლენა – „პოლიტიკურ, სასამართლო თუ სხვა ოფიციალურ პროცესებზე. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სამუშაო ჯგუფები იყოს ინკლუზიური“.

დამატებით კითხვაზე, მისი აზრით, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, ელჩი აცხადებს:

„შეერთებული შტატები ვერ იტყვის მასზე ან ნებისმიერ სხვაზე – არის თუ არა ოლიგარქი. ეს ქართველმა ხალხმა უნდა განსაზღვროს. მიდგომა, რომელიც მიჰყვება ძირეულ მიზეზს, რაც არის არასათანადო გავლენა, ფული ან პირადი გავლენა, რაც მოქმედებს პოლიტიკურ, სასამართლო და ოფიციალურ პროცესებზე, არის ის ძირეული რამ, რის მიღწევასაც ეს კანონი უნდა ცდილობდეს.

რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია და არის სხვა ქვეყნები, რომლებიც ებრძვიან ამ გამოწვევას, მაგრამ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მოძებნოს საკუთარი ფორმულა ამ სიტუაციის გადასაჭრელად. იმედია, რომ ეს სამუშაო ჯგუფები ამ მხრივ პროდუქტიული იქნება,“. [თარგმანი – „ფორმულა]

მასალების გადაბეჭდვის წესი