ახალი ამბები

არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე ან სანქციებზე – დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

8 აგვისტო, 2022 • 732
არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე ან სანქციებზე – დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე

აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომელიც 21 მარტს გაიმართა, არ უსაუბრიათ ივანიშვილის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე „ან რაიმეზე, რაც შესაძლოა წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟი ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა“.

„ფორმულასთან“ ინტერვიუს დროს, ელჩს კიდევ ერთხელ ჰკითხეს ივანიშვილთან შეხვედრაზე, რომლის შესახებაც ივლისში გახდა ცნობილი.

„ცხადია, არ მსურს ბატონი ივანიშვილის მოტივებზე ვარაუდების გამოთქმა. ჩვენი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ, როგორც წესი, არ ვასაჯაროებთ პირად შეხვედრებს, იქნება ეს ბატონ ივანიშვილთან თუ ვინმე სხვასთან. უბრალოდ, დიპლომატიისთვის არ არის წესი, რომ ასე მოიქცეს, თუკი მეორე მხარეს ასე ურჩევნია, რომ ინფორმაცია არ გასაჯაროვდეს. მაგრამ როგორც კი გაირკვა, რომ ბატონი ივანიშვილი თავად საუბრობდა ამ შეხვედრაზე, მე დავადასტურე, რომ ჩვენ შევხვდით და ვისაუბრეთ ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალი სხვა სფეროს შესახებ, სადაც შეერთებული შტატები ცდილობს მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

ცხადია, ბატონი ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია, ის ძალიან წარმატებული ბიზნესმენია, ამიტომ ნორმალურია, რომ გსურს მასთან შეხვედრა, როგორც ბევრ სხვა საქართველოს მოქალაქესთან. სინამდვილეში სწორედ ეს არის დიპლომატების საქმიანობა. ჩვენი ამოცანაა, შევხვდეთ რაც შეიძლება ბევრ სხვადასხვა წარმომადგენელს ქვეყანაში.

ამ შეხვედრაზე ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა შეერთებული შტატების ერთგულებაზე საქართველოს მიმართ, ჩვენს ძალისხმევაზე, რომ მრავალმხრივი მხარდაჭერა უზრუნველვყოთ საქართველოსთვის ჩვენი საქმიანობისთვის. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არ გვისაუბრია მის პირად ფინანსურ გარიგებებზე, სანქციებზე ან რაიმეზე, რაც შესაძლოა წარმოჩენილი იყოს როგორც შანტაჟი ან საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა“, – ამბობს ელჩი. [სიტყვების თარგმანი – „ფორმულა“]

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეხვდა ივანიშვილს, კელი დეგნანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხშირად ხვდება  „ძალიან გავლენიან, წარმატებულ ქართველებს, სტუდენტებს, მასწავლებლებს.“

„ამდენ განსხვავებულ ადამიანს იმიტომ ვხვდები, რომ მინდა უკეთ გავიგო ქართული კულტურა, ქართული საზოგადოება, ოცნებები და მისწრაფებები. მინდა გავიგო, როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს უკეთ დაეხმაროს საქართველოს. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, მიღწეულია საქართველოსთან პარტნიორობით და ეს ნიშნავს, რომ ჩვენთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რა სურთ ქართველებს და როგორ შეგვიძლია უკეთ დავეხმაროთ მათ“, – დასძენს ელჩი.

„ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ამ ჩვეულებრივ მოვლენას“, – ამატებს ის შეხვედრის შესახებ საუბრისას.


ბიძინა ივანიშვილმა ივლისში დაადასტურა „ქართული ოცნებიდან” გასული პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაცია, რომლის თანახმადაც აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. მან გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ დეგნანს 21 მარტს შეხვდა.

27 ივლისს განცხადებაში ივანიშვილმა არ ისაუბრა, თუ რას შეეხებოდა მისი და ელჩის საუბარი.

არ ყოფილა საუბარი ომში ჩართვაზე ან ივანიშვილისთვის ფულის გადარიცხვის შეფერხებაზე — დეგნანი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი