ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის, საკვებისა და ჰიგიენის ნივთების უზრუნველყოფაზე.
საუბარია სარჩელზე, რომელიც სასამართლოში ორგანიზაციამ აგვისტოს დასაწყისში შეიტანა და დღეს სასამართლომ არ მიიღო ტექნიკური ხარვეზის გამო.
1 აგვისტოდან უკრაინელ ლტოლვილებს უფასოდ სასტუმროში დარჩენა აღარ შეუძლიათ. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ამის გამო ათობით ბავშვი ფაქტობრივად ქუჩაში დარჩა. მათ შორის არიან 9 წლის ვოლოდიმირი და 10 წლის მიხაილო( ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე), რომელთა უფლებებსაც PHR ამ სარჩელით იცავს.
PHR-ის იურისტი, ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ტექნიკური დეტალის – კერძოდ კი, წინადადების ფორმულირების გამო სარჩელის არმიღება ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებების დაცვის სტანდარტს.
„მხოლოდ საქართველოში ვისმენთ “სარჩელის გაუმართაობას” ბავშვების შიმშილის საპირწონე არგუმენტად“, – აცხადებს ის.
„სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა, ახლა როგორ არიან ბავშვები, რა მდგომარეობაში არიან. უბრალოდ ჩვენს სარჩელში არსებული გარკვეული ფორმულირება აღმოჩნდა სასამართლოსთვის მიუღებელი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ პარასკევს დაგვიდგინა ხარვეზი და გაგვასწორებინა სხვა ფორმულირებები, შესაბამისად, ეს ფორმულირებაც შეეძლო აღენიშნა, თუ მიუღებელი იყო.
სიტყვების, ფრაზების ფორმულირება ყოველთვის შეიძლება გავაუმჯობესოთ, ოღონდ არა იმის ფონზე, როდესაც ბავშვებს შიათ“, – აცხადებს ანა არგანაშვილი ნეტგაზეთთან.
3 აგვისტოს PHR-მა საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ. ორგანიზაცია ითხოვს, რომ ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით. ორგანიზაცია ასაჩივრებს მთავრობის 2022 წლის ივლისის დადგენილებას (უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის შესახებ), სარჩელში კი მოპასუხედ მთავრობაა დასახელებული.
როგორც ანა არგანაშვილი განმარტავს, მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ თქვა, რომ აღნიშნული დადგენილებით მთავრობამ სხვადასხვა უწყებებს დაავალა, მაგალითად, საცხოვრისით ან კვებით უზრუნველყოფა – შესაბამისად, სასამართლოს თქმით, მოპასუხე უშუალოდ მთავრობა არ არის.
იურისტი გვიყვება, რომ სასამართლომ დასკვნის სახით დაწერა მისთვის გაუგებარი შემდეგი წინადადება:
„შესაბამისად, წარმოდგენილი შუამდგომლობით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში განსახილველი რაიმე საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე არ მიეკუთვნება არცერთი სამინისტროს გამგებლობის სფეროს და მასზე ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინების გადაწყვეტილების მიმღებ სუბიექტად შეიძლება განიხილებოდეს საქართველოს მთავრობა – სახეზე არ არის“.
„ჩემთვის მთავრობა არის მოპასუხე, იმიტომ, რომ მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა, რომ რაიმეს მიიღებენ ან ვერ მიიღებენ ეს ადამიანები. სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით გვითხრა, რომ თურმე მოპასუხე ვერ განვსაზღვრეთ.. არადა, განკარგულებაშიც კი საუბარია უწყებაზე, რომელმაც მომავალში უნდა გააკეთოს რაღაც, მაშინ როდესაც დღეს – 8 აგვისტოსაც კი საჭმელი არ ჰყოფნით ბავშვებს“, – აცხადებს არგანაშვილი და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
17 ივლისს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ამა წლის 1 აგვისტოდან დედაქალაქის მერია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში საომარი მოქმედებების გამო ჩამოვიდნენ, საცხოვრისით აღარ უზრუნველყოფს. მერიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სანაცვლოდ მიიღებენ ფულად დახმარებას.
დახმარება 300-ლარიანია, რასაც ემატება თითო სულზე 45 ლარი.
ამასთანავე, როგორც ირკვევა, დახმარების პროგრამაში უნდა ჩაერთონ ორგანიზაცია World Vision და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტო. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ 2 თვის განმავლობაში გამოყოფს 235 ლარს თვეში ერთ ადამიანზე – „მოწყვლადობის კრიტერიუმების გათვალისწინებით“.
გარეკანი ფოტო: უკრაინის ბავშვთა სახლებიდან ევაკუირებული ბავშვები სასტუმრო ვიტეკში სოფელ მოდლნიჩკაში, კრაკოვთან, სამხრეთ პოლონეთში