საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული ბ.მ, რომელსაც ბრალად რამდენიმე პირის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანება ედება, თბილისში დააკავეს.
უწყების განცხადებით, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს თბილისში, რიყეზე მდებარე ერთ-ერთ ბარში, ბრალდებულმა დაცვის 5 თანამშრომელსა და მათ ერთ მეგობარს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ, ამჟამად კი სახლში განაგრძობენ მკურნალობას.
„პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.