ავტორი: ია მერკვილაძე, ნიუ -იორკი, აშშ
7 აგვისტოს ორგანიზაციის „ამერიკელი ქართველები პროგრესისთვის“ მხარდაჭერით, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველებმა და უკრაინელებმა ნიუ- იორკში, რუსეთის ფედერაციის საკონსულოს წინ გამართეს ანტისაოკუპაციო აქცია, რომელიც აგვისტოს ომის მე-14 წლისთავს მიეძღვნა.
„რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა და მისი დამარცხება გარდაუვალია“ – ეს იყო მიტინგზე გამომსვლელების ძირითადი გზავნილი.
აქციის მონაწილეთა შორის იყო ალექსეი ნავალნის თანაპარტიელი იგორ ბ., რომელმაც რუსეთსა და ბელორუსში ადამიანის უფლებების ტოტალურ დარღვევებზე, კორუფციასა და მსოფლიოსთვის პუტინის საშიშროებაზე ისაუბრა.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გია ლომაიას თქმით, რუსეთის აგრესია უკრაინაში 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა.
„სამწუხაროდ, მსოფლიომ 14 წლის წინათ შესაბამისი პასუხი საქართველოზე თავდასხმას არ გასცა და შედეგად მივიღეთ ომი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ეს ომი არ არის მხოლოდ პუტინის სიგიჟე. ეს არის რუსული იმპერიული სისტემა თავისი სამხედრო ძალითა და ბიუროკრატიით. ჩვენ აქ იმისთვისაც შევიკრიბეთ, რომ უკრაინელებს ვუთხრათ – ამ ომში „ქართული ოცნების“ პოზიცია არ ასახავს ქართველი ხალხის განწყობას.
საბოლოოდ ყველა, ვინც ეს სასაკლაო დაიწყო, პასუხს აგებს სასამართლოსა და ისტორიის წინაშე. ქართველები ყველაზე მეტად ვართ უკრაინელების სოლიდარულები, რადგანაც ეს ომი საქართველოში ახლაც მიმდინარეობს – მცოცავი ოკუპაციით თუ რუსული ფულის ექსპანსიით“, – აღნიშნა გია ლომაიამ.
აქციაზე მყოფი უკრაინელი იაროსლავ პონომაროვის თქმით, მას, როგორც უკრაინელს, ძალიან კარგად ესმის, თუ რატომ გაბედა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმა.
„ჯერ იყო 2008 წელი, მერე- 2014 ყირიმის ანექსია და მერე ის, რაც ძალიან ბევრს ეგონა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა. ჩვენ ვგრძნობთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, დასავლელი ქვეყნები უკრაინას ეხმარებიან და მჯერა, ამ ომში რუსეთი უკრაინელებისა და ქართველების ერთობით დამარცხდება“, – განაცხადა იაროსლავ პონომაროვმა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილის, ნანა ნიქაბაძის განცხადებით კი, დღეს რუსეთს საქართველო თავისივე ხელისუფლების მხარდაჭერით ჰყავს დაპყრობილი და ახლა ისღა დარჩენიათ, რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის გამარჯვებას უგულშემატკივრონ.
„უკვე 14 წელია, რაც ნიუ იორკში რუსეთის წარმომადგენლობასთან საქართველოს ოკუპაციას ვაპროტესტებთ. მაგრამ არსებობს განსხვავება მაშინდელ და დღევანდელ რეალობებს შორის. 14 წლის წინათ გვქონდა იმის იმედი, რომ ხელისუფლება დაგვიცავდა, რადგანაც საქართველომ რუსეთის ჯარს წინააღმდეგობა გაუწია და აგვისტოს ომი ხუთ დღეში დასრულდა.
ახლა კი საქართველო რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით უკვე დაიპყრო და ერთადერთი ისღა დაგვრჩენია, ამ ომში უკრაინის გამარჯვებას ვუგულშემატკივროთ. დიდი მადლობა უკრაინელ ხალხს, რომელიც თავისი თავგანწირვით ქართველების საქმესაც აკეთებს“, – განაცხადა ნანა ნიქაბაძემ.