ახალი ამბები

აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე საქართველო სრულად ოკუპირებულია რუსული ოცნების ხელით – მელია

8 აგვისტო, 2022 • 758
აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე საქართველო სრულად ოკუპირებულია რუსული ოცნების ხელით – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმდჯომარის, ნიკა მელიას განცხადებით, აგვისტოს ომიდან 14 წლისთავზე საქართველო სრულად ოკუპირებულია რუსული ოცნების ხელით.

მისი თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია.

„რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის – აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლისთავზე, საქართველო, სამწუხაროდ, სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების – საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით! დიახ, რუსეთმა იარაღის ძალით, სამხედრო ძალით 20 %-ის ოკუპაცია შეძლო 90-იანი წლების დასაწყისში. და რაც მტერმა ვერ შეძლო იარაღის ძალით, ის შეძლო რბილი ძალით. ამ ბოლო წლებში, ამ ხელისუფლების პირობებში! ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას – რუსების ახდენილ ოცნებას!

ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც მკაფიოდ არც ერთხელ არ უთქვამს, რომ რუსეთი ოკუპანტია! ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ! ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!

გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან, და ახლა უკვე საკუთარ ხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებს რუსული ოცნების პარტიული მუშაკებს უწოდებს, რომლებიც, მისი თქმით, ერთ ხმაში საუბრობენ ქსენოფობიასა და შოვინიზმზე და ამაში საკუთარ ხალხს ადანაშაულებენ.

„ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის ქართული ბიზნესი მათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს.

რუსეთის ოცნებისაა ხელისუფლება, რომელიც ეუბნება ქართველ ხალხს, არ უპასუხოთ რუსს, რომელსაც არ მოსწონს თქვენი ქართული ბიზნესი და თქვენი წესები, და ის თუ აზარალებს თქვენს ბიზნესს, ის ან რუსების სურვილებს მოარგეთ, ან დახურეთ ბიზნესი“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა კი, პროვოკაციაზე წამოგება.

„რუსული ოცნების ხელისუფლებისთვის ეროვნული ინტერესების დაცვა ომში ჩათრევის მცდელობაა, მშვიდობა კი, მხოლოდ კაპიტულაციით მიიღწევა. ჩვენ გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომლისთვისაც კომფორმულობა ცხოვრების წესია, რომლისთვისაც გამოთქმა: ჩათრევას ჩაყოლა სჯობია, ცხოვრებისა და საქმიანობის კრედოა.

უსამშობლო პარტია რუსული ოცნების ქართველი ლიდერები გამოდიან და სტატისტიკით ჟონგლიორობენ! რომ თურმე წელს ბევრად ნაკლები რუსი ტურისტია ქვეყანაში, ვიდრე 2019 წელს იყო!“ – აცხადებს ნიკა მელია.

როგორც ნიკა მელია ამბობს, „ქართული ოცნება“ ყურს იყრუებს და თვალს იბრმავებს და  არ უნდა დაინახოს ის საფრთხე, რაც  გულს უხეთქავს ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

მისი თქმით, ხელისუფლება ჯიუტად არ აღიარებს იმ საფრთხეს, რომელიც თან ახლავს რუსი მოქალაქეების ნაკადს.

„არა ტურისტების, არამედ იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან და მკვიდრდებიან, ყიდულობენ ბინებს, არეგისტრირებენ კომპანიებს, იღებენ ბინადრობის მოწმობებს, ან არც სჭირდებათ ბინადრობის მოწმობა, იმიტომ, რომ საქართველოში მთელი წელი, მთელი წელი შეუძლიათ დარჩნენ ვითომ „ტურისტულად!”

რუსეთის მოქალაქეებს ასეთი პირობები არ აქვთ არსად! არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში! ოკუპირებულ ცხინვალშიც კი! რუსული ოცნების უსამშობლო პარტიის ლიდერები გვიმტკიცებენ, რომ საქართველოში შემოსულ-დამკვიდრებული ათეულ ათასობით რუსი პუტინის რეჟიმს გამოქცეულია! არადა, ყველამ კარგად ვიცით, რომ საზღვარზე ვისაც აკავებენ და საქართველოში არ უშვებენ, სწორედ დეკლარირებულად ანტიპუტინისტი, დისიდენტი რუსები არიან“, – აცხადებს მელია.

ნიკა მელიას თქმით,  ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი „რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა“.

„რა თქმა უნდა, ნორმალური ხელისუფლების პირობებში ბევრი გამოსავალი იარსებებდა, გულუბრყვილობას არ ვაპირებთ და კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად არანაირ მოთხოვნას უსამშობლო რუსულ ოცნებას არ ვუყენებთ!“, – აცხადებს მელია.

ნიკა მელია ასახელებს იმ პუნქტებს, რაც  ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და რომლებსაც, მისი თქმით,  მომავალში ნორმალური ხელისუფლება გააკეთებს:

  • ნორმალური ეროვნული ხელისუფლება გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას.
  • შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას- თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას, რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%.
  • ნორმალური,ეროვნული ხელისუფლება ასევე შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდე.

მელიას თქმით, სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს.

„დაბოლოს, უსამშობლო რუსული ოცნების გასაგონად! ნუ მანიპულირებთ ქართული ღირებულებებით! ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა, თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში წლების განმავლობაში, უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები. ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე. რაც თითეული ჩვენთაგანის ვალია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტრადიციულ რიტორიკას აგრძელებს და იმეორებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაუთვლელი პროვოკაციული ნაბიჯების გამო ქვეყანამ ომი ვერ აიცილა.

მისი თქმით, სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ქვეყანას უღალატეს და ხალხი გაწირეს.

წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.

ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი