დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ 2008 წელი სიგნალი იყო აშშ-ის და NATO-სთვის , 2022-ში კი „უფრო მკაცრი პასუხის გაცემა მოუწიათ“:
„2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ მშვიდობის იძულების ღონისძიებები მოქალაქეების დასაცავად გატარდა. ამავდროულად, ეს სიგნალი იყო აშშ-ისა და NATO-სთვის, ყურად ეღოთ რუსეთის შეშფოთება. ვითარება კავკასიაში შეიცვალა, მაგრამ აშშ-მა და NATO-მ ვერ გაიგეს და გაიაზრეს, გააგრძელეს თავიანთი უკიდეურესად საშიში კურსი. 2022 წელს მოგვიწია უფრო მკაცრად გვეპასუხა. ახლა მთელი მსოფლიო შეუქცევადად შეიცვალა“, – ამბობს დიმიტრი მედვედევი, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
წელს 14 წელიწადი გავიდა 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან, რომელსაც „აგვისტოს ომის“ სახელით მოიხსენიებენ. ომი 5 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრის შედეგად დაღუპულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი.