80 წლის ექიმს, რომელსაც კლინიკის დირექტორის დაჭრა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა გადაწყვეტილება 8 აგვისტოს მიიღო.
„უკაცრავად, მე ამ ეტაპისთვის სხვა გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ“, – მიმართა მოსამართლემ ბრალდებულს.
ბრალდების თანახმად, 80 წლის ექიმმა, თეიმურარ ბეჟანიძემ პარასკევს, 5 აგვისტოს, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ეროვნულ ცენტრში („კანვენში“) ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა „კანვენის“ დირექტორი გიორგი გალდავა.
ბეჟანიძე იმავე საღამოს დააკავეს.
ბრალდებულმა სასამართლოზე თქვა, რომ დირექტორის დაჭრა მოჰყვა კონფლიქტს კონდიციონერზე: „კონდიციონერი იყო ჩემი ნაყიდი და იმ კაბინეტიდან გადამიყვანა სხვაგან“…
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. იარაღთან და სროლის მოტივთან დაკავშირებით ბეჟანიძე ამბობს:
„იარაღი მქონდა სამსახურში, კაბინეტში, კარგად შენახული. ვიფიქრე, შევაშინებ- მეთქი… შენო მემუქრებიო? ძაან ცუდად მოიქცა და გაფრთხილების მიზნით, კუთხეში, სადაც იჯდა, გავისროლე… ამ დროს არ ვიცი, ადგა თუ … [ტყვიამ] მხარში გაკრა… სხვა მიზანი, განზრახ მკვლელობა და განზრახ რაღაცა… ასეთ რაღაცას ნამდვილად ადგილი არ ჰქონია“…
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში, 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.