ახალი ამბები

გამყრელიძე: დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდისთვის და დავტოვებ პოსტს

8 აგვისტო, 2022 • 655
გამყრელიძე: დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდისთვის და დავტოვებ პოსტს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პირველ კომენტარს აკეთებს მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ.

გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ ამირან გამყრელიძე არ საუბრობს, თუმცა „ფორმულასთან“ აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ ცენტრის საქმიანობას პრობლემა არ შეექმნას, ჯანდაცვის სამინისტროში დღეს შეხვედრას გამართავს, სადაც გარდამავალი პერიოდისთვის გეგმას დასახავენ, შემდეგ კი თანამდებობას დატოვებს:

„გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ. დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, აქ ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იქნას მიშვებული, გარდამავალი პერიოდის გეგმას დავსახავთ და ამის შემდეგ მე დავტოვებ პოსტს“, – ამბობს გამყრელიძე.

რაც შეეხება გადადგომის მიზეზებს, გამყრელიძე ამბობს, რომ ამის შესახებ საზოგადოება მისი ანგარიშიდან გაიგებს.

საზოგადოებისთვის ამირან გამყრელიძის მერ NCDC-ს დატოვების შესახებ ინფორმაცია პარასკევს, 5 აგვისტოს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“, – თქვა მინისტრმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

თამარ გაბუნია ამჟამად იკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, დროებით დაინიშნება თუ არა იგი NCDC-ს ხელმძღვანელად, აზარაშვილი აცხადებს, რომ – „ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი ამ კონკრეტული სსიპ-ის“.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გამყრელიძის წასვლა პანდემიის მართვას, მინისტრი აცხადებს:

„დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ და არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ის აღარ გააგრძელებს [მუშაობას] და შესაბამისი განცხადებით მოგვმართავს. არ არის კავშირში ან პანდემიამდე, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. უთმობს სხვა ადამიანებს პირადი განცხადების საფუძველზე,“

მასალების გადაბეჭდვის წესი