ახალი ამბები

უკრაინის საგარეომ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა

6 აგვისტო, 2022 •
უკრაინის საგარეომ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტი გაუუქმა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმეს. უწყების ცნობით დეპუტატებმა უწყების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პასპორტები დროულად არ დაუბრუნეს.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, დეპუტატებზე დიპლომატიური პასპორტები ექსკლუზიურად ოფიციალური მივლინებებისთვის გაიცემა მათი გაცემა კი პრეზიდენტის განკარგულებით ხდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ მოგზაურობიდან დაბრუნებიდან 10 დღის ვადაში მფლობელი ვალდებულია დიპლომატიური პასპორტი შესანახად საგარეო საქმეთა სამინისტროში დააბრუნონ და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ პირადი მიზნით მოგზაურობებისთვის.

უწყების განცხადებით, დეპუტატებს, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები გაუუქმდათ არაერთხელ მიმართეს პასპორტის დაბრუნების თხოვნით მათ შორის ბოლო მოთხოვნა ივლისში გაიგზავნა, რომელსაც რეაგირება არ მოჰყოლია.

გამოცემა წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, დეპუტატებს, რომლებსაც დოკუმენტი სამსახურებრივი მივლინებისთვის დასჭირდებათ პასპორტებს ხელახლა გადასცემენ.

მანამდე, ერთ-ერთ ტელეგრამ არხში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგ დეპუტატებს უუქმდებოდათ დიპლომატიური პასპორტები. გავრცელებულ დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო იმ პირების სიაც, ვისაც აღნიშნული განკარგულება შეეხებოდათ მათ შორის იყვნენ დავით არახამია, ლიზა იასკო და ოლექსი გონჩარენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი