ახალი ამბები

გამყრელიძე NCDC-ს ტოვებს, მოვალეობის შემსრულებლად გაბუნია ინიშნება – მინისტრი

5 აგვისტო, 2022 • 1468
გამყრელიძე NCDC-ს ტოვებს, მოვალეობის შემსრულებლად გაბუნია ინიშნება – მინისტრი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამირან გამყრელიძე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს [NCDC] ტოვებს. გამყრელიძე წლების განმავლობაში ცენტრს ხელმძღვანელობდა.

„ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. ნამდვილად ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება დავადასტურე და უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებითაც მიმართავს სამინისტროს და უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს“, – თქვა მინისტრმა „პალიტრანიუსის ეთერში“.

თამარ გაბუნია ამჟამად იკავებს მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე, დროებით დაინიშნება თუ არა იგი  NCDC-ს ხელმძღვანელად, აზარაშვილი აცხადებს, რომ – „ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი ამ კონკრეტული სსიპ-ის“.

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა გამყრელიძის წასვლა პანდემიის მართვას, მინისტრი აცხადებს:

„დღეს რაც შემიძლია დაგიდასტუროთ და არის ის, რომ ამ თანამდებობაზე ის აღარ გააგრძელებს [მუშაობას] და შესაბამისი განცხადებით მოგვმართავს. არ არის კავშირში ან პანდემიამდე, ან პანდემიის პროცესში მიმდინარე მოვლენებთან. ის ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ასევე ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. უთმობს სხვა ადამიანებს პირადი განცხადების საფუძველზე,“

ნეტგაზეთს მოკლეტექსტური შეტყობინების საშუალებით ამირან გამყრელიძემ უთხრა, რომ წასვლის დეტალების შესახებ მომდევნო კვირას ისაუბრებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი