აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნების განცხადებით, რუსეთი გეგმავს, გააყალბოს გასულ კვირას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში განხორციელებული შეტევის მტკიცებულებები. როგორც AP News წერს, საუბარია სეპარატისტულ რეგიონში მომხდარ დაბომბვაზე, რომელსაც ემსხვერპლნენ უკრაინელი ტყვეები — ძირითადად, „აზოვის“ მებრძოლები.
მედიასაშუალების ცნობით, ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი ყალბი მტკიცებულებებით შეეცდება, 29 ივლისს ოლენივკას ციხეზე განხორციელებული შეტევა უკრაინულ მხარეს დააბრალოს. აფეთქების შედეგად დაიღუპა 53 ადამიანი, ათობით კი დაშავდა.
AP-ის თქმით, რუსეთი წარსულშიც აცხადებდა, რომ შეტევა, რომელიც დე ფაქტო დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, უკრაინულმა მხარემ აშშ-ის მიერ მიწოდებული HIMARS-ის სარაკეტო სისტემიდან განახორციელა, კიევი კი საპირისპიროს ამტკიცებს. კერძოდ,უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და დაზვერვამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მოიპოვეს მტკიცებულება, შეტევა კრემლის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა რუსეთის FSB-სთან ერთად დაგეგმეს და „ვაგნერის“ დაჯგუფებამ განახორციელა.
AP წერს, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, შესაძლოა რუსეთი გეგმავდეს „ჰაიმარსის“ სარაკეტო სისტემის ჭურვების გამოყენებას, რათა შექმნან ყალბი მტკიცებულებები, რომ მომხდარი უკრაინასთან დააკავშირონ.
საპატიმროში, სადაც თავდასხმა მოხდა, მარიუპოლის აზოვის ქარხანაში მყოფი უკრაინელი მებრძოლები იმყოფებოდნენ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძანების შემდეგ რუსეთის ჯარს ჩაბარდნენ. სამხედროების ნაწილი ტყვეების გაცვლის შედეგად სახლში დაბრუნდა, ნაწილის ადგილმდებარეობა კი ამ დრომდე უცნობია.