ახალი ამბები

უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის მოთხოვნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

4 აგვისტო, 2022 • 628
უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრის მოთხოვნით PHR-მა სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრისა და აუცილებელი პირობების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ორგანიზაციის თქმით, 9 და 10 წლის ძმები დედასთან ერთად უკრაინიდან საქართველოში 13 ივნისს ჩამოვიდნენ და 1 აგვისტომდე უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ, ბავშვების დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად, ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა:

„2022 წლის 24 თებერვალი განსხვავებულად გათენდა 9 წლის ვოლოდიმირისა და 10 წლის მიხაილოსთვის ( ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე). ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი ბავშვის, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ყოველდღე ისმოდა საჰაერო განგაში, რასაც რუსეთის მხრიდან ბავშვების ქალაქში ბომბების ჩამოყრა მოჰყვებოდა. ძმებმა ერთი კვირა სარდაფიდან გამოუსვლელად გაატარეს. 2022 წლის ივნისში დედამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 13 ივნისს ჩამოვიდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის თქმით, პირველივე, რაც მათ წარმომადგენლებს 10 წლის ბიჭმა უთხრა კითხვაზე, თუ რა სჭირდებოდათ, იყო საჭმელი, წამლები და საცხოვრებელი, რასაც მოაყოლა, რომ ძალიან უნდოდა, სათამაშოები და ფეხბურთის ბურთი ჰქონოდა, მისმა ძმამ კი კალათბურთის ბურთი, პლანშეტი, სკუტერი და სხვა სათამაშოები დაასახელა:

„შუა ლაპარაკისას ერთ-ერთი საკვები მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტები მოგვიტანეს და დაგვიტოვეს. ბავშვებმა თვალიერება დაიწყეს, ბავშვები ჩიფსებს, ძეხვებს თითებს ადებდნენ და თან დედას ეჩურჩულებოდნენ. დედა უხერხულად იღიმოდა. საუბრისას ასევე გაირკვა, რომ წინა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყვნენ დედა და ძმები, აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა, თვითმფრინავის ხმაზე ბავშვები შიშით კრთებოდნენ და შფოთვა ეწეოდათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

PHR-ის თქმით, მას შემდეგ, რაც მათმა ადვოკატებმა ბავშვებს უთხრეს, რომ შეუძლიათ სასამართლოში მოსამართლეს მოსთხოვონ, საცხოვრებლით, კვებით და აუცილებელი ნივთებით უზრუნველყონ და ბავშვებზე მორგებული სარჩელის ფორმა ნახეს, სიხარულით დაიწყეს შევსება. ორგანიზაციის თქმით, ბავშვებმა ჩამოწერეს ყველაფერი, რაც ესაჭიროებოდათ: საცხოვრებელი, საკვები, წამლები, სათამაშოები. ბიჭმა ხატვაც კი დაიწყო, სადაც ჩანს პიცა, სკუტერი, ნოუთბუქი, და სხვა სათამაშოები.

2022 წლის პირველი აგვისტოდანვე PHR საქმეში ჩაერთო, სამ აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ. ორგანიზაცია ითხოვს, ბავშვები დაუყოვნებლივ უზრუნველყონ თავშესაფრით, საკვებით და სხვა აუცილებელი პირობებით.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აღნიშნულ საქმეს აწარმოებს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის. მხარდაჭერით.

უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ და აღნიშნა, რომ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის განკუთვნილი პროგრამა წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა და ამ მიზნით დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე – 45 ლარი გაიცემა“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი