საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობის პროცესი იყო.
„შევხვდით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საელჩოების წარმომადგენლებს, მივაწოდეთ ინფორმაცია, თუ როგორ მიდის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით მუშაობა.
„გავაცანით ის დროის გრაფიკი, რომელიც საკმაოდ მკაფიო და მკაცრია, თუ როდის უნდა მოხდეს შესაბამისი ინიციატივების შემოტანა და მათი მიღება მესამე მოსმენით საქართველოს პარლამენტში. ასევე გავაცანით იმ შეხვედრების გრაფიკი, რომელიც აქამდე გაიმართა კომიტეტის, სამუშაო ჯგუფის თუ სხვა თავისუფალ ფორმატებში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა არის დაგეგმილი“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები უზრუნველყოფს მხარეთა ჩართულობას ამ პროცესში და მნიშვნელოვანია ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რათა შეიმუშაონ და განიხილონ კანონპროექტები.
„ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ საპარლამენტო ფორმატები არის აქ წამყვანი. კომიტეტები, სამუშაო ჯგუფები, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატებია, რომელიც უზრუნველყოფს ჩართულობას ამ პროცესში, რომ პროცესი იყოს თავად ინკლუზიური. და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი, აინტერესებს, იყოს ნაწილი 12 რეკომენდაციის შესრულებისა და აინტერესებს მათ შორის, რომ იყოს დეპოლარიზაციის ნაწილიც იყოს ამ სამუშაო ჯგუფებში და კომიტეტის სხდომებზე, რათა შემუშავდეს და შემდგომ განხილულ იქნას კანონპროექტები. ამაზე არის ყველას თანხმობა და ერთსულოვნება, ამას გულისხმობს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა, საელჩოების ერთადერთი პოლიტიკა ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში საქართველოს მხარდაჭერაა.
„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულ იქნა ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, მე ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და მე ვეთანხმები ამ ანალიზს“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.