ახალი ამბები

პროკურატურამ ეკა ბესელია ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო

3 აგვისტო, 2022 • 1089
პროკურატურამ ეკა ბესელია ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ პოლიტიკოსი ეკა ბესელია ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულად ცნო. ამასთან დაკავშირებით ეკა ბესელია პროკურატურაში დღეს, 3 აგვისტოს, იმყოფებოდა.

მისი თქმით, საუბარია 2018-2017 წლებში გაკეთებულ ჩანაწერებზე, როცა „ქართული ოცნების“ წევრი  და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

„რამდენიმე ჩანაწერი, რაც ვნახე, ეს არის საქართველოს საპატრიარქოსთან საუბრები. როგორც დღეს მითხრეს, კიდევ არის სხვა ჩანაწერები“, – განაცხადა ბესელიამ.

როგორც ეკა ბესელია ამბობს, დაზარალებულად ცნობის გარდა, მნიშვნელოვანია პასუხისმგებელი პირების დადგენა.

„ის, რომ ამდენი ხანია – შარშან დამკითხეს და ახლა მცნეს დაზარალებულად… ისიც, მე სულ მქონდა კომუნიკაცია და პირადად მოვითხოვე დაზარალებულად ცნობა. ვიცი, რომ ახლა სტრასბურგშიც არის განაცხადა გაგზავნილი, მაგრამ მთავარი, რასაც ვითხოვ, არის, რომ სახელმწიფოში ვინმემ პასუხისმგებლობა აიღოს ამ სისტემურ დანაშაუელებებზე“, – განაცხადა ბესელიამ.


2021 წლის სექტემბერში ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილი არაერთი ფაილი. ბმული, რომელზეც ატვირთულია ფაილები, მედიასაშაულებებმა 12 სექტემბერს, ღამით ჰაკიმ ფაშას სახელით და სათაურით “სუსის კომპრომატი საპატრიარქოს წინააღმდეგ” მიიღეს.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ. ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ოპოზიციის თქმით, ფაქტი არის დასტური იმისა, თუ როგორ უსმენს და აკონტროლებს ყველაფერს სუსი. მმართველი პარტიაში ფარული ჩანაწერების შინაარს “ტყუილ-მართალს” უწოდებენ, რომლის ტირაჟირებაშიც თავდაპირველად ენმ-ს ადანაშაულებდნენ, შემდეგ კი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე გადაიტანეს აქცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი