ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 22 აფთიაქი გამოავლინა, სადაც სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებს კანონდარღვევით ყიდდნენ.
მათი ცნობით, აღნიშნული მედიკამენტები შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე გაიცემოდა.
მათივე განცხადებით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და აკრძალული აქვთ ფარმაცევტული საქმიანობა.
„გამოძიების პროცესში ზემოაღნიშნული ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით მედიკამენტი. დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი“, – აცხადებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.
მათივე ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.