ახალი ამბები

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს

3 აგვისტო, 2022 • 996
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად ტოვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის (რეფინანსირების) განაკვეთი უცვლელად დატოვა. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კვლავ 11.0 პროცენტს შეადგენს.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდის გლობალურ გამოწვევად კვლავ რჩება მაღალი ინფლაცია და ინფლაციური რისკები.

“რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთზე დაწესებულმა საერთაშორისო სანქციებმა და მიწოდების ჯაჭვების დამატებითმა რღვევამ მნიშვნელოვნად გააძვირა მსოფლიო ბაზრებზე საკვები პროდუქტები, ნედლეული და ენერგორესურსები.

საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი ფასები მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას გადაეცემა და გლობალურად, მათ შორის, საქართველოში, მაღალი ინფლაციის მნიშვნელოვანი მიზეზია”, — აღნიშნავს უწყება.

ეროვნული ბანკის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზრებზე ფასების დასტაბილურების ნიშნები იკვეთება, გაურკვევლობა მაინც მაღალ დონეზეა და მომავალი ტენდენციები მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მსოფლიოში გეოპოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.

უწყების თქმით, მიმდინარე და მომავალ წელს ინფლაციას შემცირების ტენდენცია იქნება, თუმცა იმაზე ნელი ტემპით, ვიდრე მანამდე ვარაუდობდნენ. ბანკის ამჟამინდელი პროგნოზით, ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს 2023 წლის შუა პერიოდიდან დაუახლოვდება.

“მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება მანამ, სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით არსებული რისკები საკმარისად არ შერბილდება.

თუ ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიკვეთა, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, — წერია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 14 სექტემბერს ჩატარდება.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, იგივე რეფინანსირების განაკვეთი, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტია, რომლის ცვლილებაც საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მაღალი ინფლაცია ან ამგვარი მოლოდინები არსებობს, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს.

გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას ახდენს საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა, თავის მხრივ, აძვირებს ეროვნულ ვალუტაში გაცემულ, განაკვეთზე დამოკიდებულ სესხებს.

ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 11.5% შეადგინა — საქსტატი

მასალების გადაბეჭდვის წესი