ახალი ამბები

ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთი იყო — გალერი მედვედევს

3 აგვისტო, 2022 • 470
ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია საბჭოთა რუსეთი იყო — გალერი მედვედევს

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი (EPP, გერმანია) ეხმაურება „დიდი რუსეთის“ საზღვრების აღდგენის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედვის გვერდზე გავრცელებულ პოსტს.

„ბოლო დასავლელებმა თავი უნდა დაანებონ თავიანთ ილუზიებს რუსულ რეჟიმთან ჩვეულ ურთიერთობაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მოუსმინეთ მედვედევის საუბარს საქართველოსა და ყაზახეთის ხელოვნურ სახელმწიფოებრიობაზე. ერთადერთი ხელოვნური კონსტრუქცია იყო კოლონიური საბჭოთა რუსეთის იმპერია. აღარასდროს!“ — წერს გალერი Twitter-ზე.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე Vkontakte-ში გამოქვეყნდა პოსტი იმის შესახებ, რომ რუსეთი „აღადგენს თავის საზღვრებს, რომელიც არსად მთავრდება“.

მედვედევის თანახმად, რუსეთთან შეერთებამდე საქართველო საერთოდ არ არსებობდა, 1801 წელს დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური წარმონაქმნისგან შედგებოდა. მედვედევი მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია „უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“. პოსტში საუბარია ყაზახეთზეც, რომელიც მოხსენიებულია „ხელოვნურ სახელმწიფოდ“, სადაც „წესრიგი არ იქნება, სანამ იქ რუსები არ მივლენ“.

მოგვიანებით პოსტი წაიშალა. მედვედევის აპარატში კი ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის გვერდი გატეხეს და ამ სოციალურ ქსელში მედვედევის ბოლო პოსტი 31 ივლისს საზღვაო ძალების დღის მილოცვას ეძღვნებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი