ახალი ამბები

როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი [ფოტოები]

6 ოქტომბერი, 2020 • 2076
როგორი იქნება თბილისის ცენტრალური პარკი [ფოტოები]

თბილისში, საბურთალოზე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე “თბილისის ცენტრალური პარკის” გაშენება იგეგმება. ქალაქის მერის, კახა კალაძის ცნობით, პარკი 36 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და სხვადასხვა ტიპის სივრცეს გააერთიანებს. ამის შესახებ კალაძემ დღეს, 6 ოქტომბერს, პარკის პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა.

კალაძემ განაცხადა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის გაშენების პროექტზე ჰოლანდიური კომპანია მუშაობს.

თბილისის მერიის ცნობით, მულტიფუნქციური სივრცე მოიცავს: ბოტანიკურ, იაპონურ და ფრანგულ ბაღებს, ამფითეატრს, შადრევანს, სკეიტ პარკს, სასაზღვრო სატყეო ზონას, შიდა სატყეო სექტორს, საგანმანათლებლო ცენტრს, მდელოს, ზიპლაინს, სპორტის და კვების ზონებს, ცხოველების სასეირნო სივრცეს, პანორამულ პლატფორმას, გუბურას, თოკების პარკს, საფეხმავლო ხიდს, სამთო ველოსიპედების ბილიკებს, სტრიტბოლის სივრცეს. ასევე მოეწყობა არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის. ამასთან, პარკის გარეშემო იქნება 3 ავტოსადგომი.

თბილისის მერიის ცნობით, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ფონდმა “ქართუმ” თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას ხელი გუშინ, 5 ოქტომბერს მოეწერა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს და აღნიშნა, რომ იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში “ფასდაუდებელია ფონდ “ქართუსა” და პირადად ბიძინა ივანიშვილის როლი”.

ამასთან, კალაძემ დღეს, 6 ოქტომებრს გამართულ პრეზენტაციაზე აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელებას რამდენიმე ათეული მილიონი დასჭირდება, რასაც ფონდი “ქართუ” დააფინანსებს.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარიაც. მისი თქმით, პროექტი 2 წელიწადში დასრულდება. ამასთან, გახარიამ სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბიძინა ივანიშვილის როლს აღნიშნული პროექტის განხორციელებაში:

“უნდა აღვნიშნოთ ბიძინა ივანიშვილის ის ღვაწლი, ის ხელწერა, რომელიც აქაც გამოჩნდა. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ხელწერა, როგორ შეიძლება პირადით ემსახურო საზოგადოს, როგორ შეიძლება იზრუნო შენს ხალხზე”, – განაცხადა გახარიამ.

“ქართუმ” ყოფილი იპოდრომის ტერიტორია 19 ივნისს თითქმის 50 მლნ ლარად შეიძინა. ეს მიწის ნაკვეთი კი ფონდმა ივანიშვილთან დაკავშირებული სხვა კომპანიისგან, შპს „ინვესტ კაპიტალისგან“ შეიძინა. ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ იპოდრომს „ქართული ოცნებისთვის“ წინასაარჩევნოდ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი