„ბანერებზე, თუ არ ვცდები, წერია, რომ ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს. არ ვიცი, ეს კამპანია საერთოდ რას ნიშნავს“, — ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისის მეტროსადგურებში განთავსებულ ბანერებს, წარწერით „ომი უნდა რუსეთს და არა დასავლეთს“.
„ჩვენ არათუ პოზიცია არ დაგვიფიქსირებია ამ თემაზე, კითხვებიც კი არ დაგვისვამს საჯაროდ. ჩვენთვის საჯარო დისკუსია ამ თემასთან დაკავშირებით არ არის შესაძლებელი. თუმცა საზოგადოებამ მოისმინა ბევრი რამ. მათ შორის ჩვენი გუნდის ყოფილი წევრების კითხვები, კითხვებზე პასუხები და არ პასუხები. საზოგადოებამ იხილა ბიძინა ივანიშვილის წერილი ამ თემასთან დაკავშირებით. დანარჩენი საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნებს“, — განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ემიჯნება თუ არა „ოცნებიდან“ გასული დეპუტატების ანტიდასავლურ და შეურაცხყმყოფელ განცხადებებს აშშ-ის ელჩისადმი, კობახიძემ უპასუხა, რომ კითხვების დასმაში შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის.
„როდესაც დეპუტატი კითხვას სვამს ელჩის მიმართ, ეს არის შეურაცხმყოფელი? სახელემწიფო ვართ თუ რა ვართ? თუ ეს მიდგომა გაქვთ, რომ შეურაცხყოფა გგონიათ, მაშინ სახელმწიფოდ არ აფასებთ ჩვენს ქვეყანას და ეს ჯერ უნდა ისწავლოთ კარგად. საქართველო რომ სახელმწიფოა, ეს ვერ იქნება ანტიდასავლური კამპანია“, — დასძინა კობახიძემ.
„რუსეთს უნდა ომი და არა დასავლეთს, ნუ გაავრცელებ სიცრუეს, დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას”, — ამ შინაარსის ბანერები თბილისის მეტროსადგურებში კოალიციამ “ინფორმაციის სანდოობისთვის” განათავსა.
სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს, როგორც მათ თქვეს, „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გასატანად. ამის შემდეგ გაააქტიურეს „ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას შორის ცრუ ურთიერთკავშირს ავითარებენ არა მხოლოდ „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლები და მათ შორის, ირაკლი კობახიძე.