ახალი ამბები

კონფლიქტი ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო — პროკურორი

31 ივლისი, 2022 •
კონფლიქტი ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო დაიწყო — პროკურორი

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას საქმეზე დაკავებული 8 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე რვავე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

„ერთ-ერთი არის მკვლელობაში ბრალდებული, ასევე შეუტყობინებლობისთვის, ცრუ ინფორმაციის მოწოდებისთვის და ხულიგნობის ფაქტზე ბრალდებულები არიან წარმოდგენილი. პატიმრობის გარდა სხვა ღონისძიების გამოყენება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი ჩვენი მხრიდან. ნებისმიერი ასეთი ქმედება უმკაცრეს რეაგირებას მოითხოვს“, — განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

მისი თქმით, კონფლიქტი დაიწყო უმნიშვნელო ნიადაგზე — ერთმანეთისთვის მხრის გაკვრის გამო, რამაც წააქცია იქ არსებული ურნა.

„ამის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება მხარეებს შორის. პირველი კონფლიქტის მონაწილეები, ყველა ის პირი ვინც გამოვლინდა და გამოიკვეთა, რომ მიიღეს მონაწილეობა ხულიგნობაში, ეს არის ხულიგნობა, იმიტომ რომ იქ უამრავი ადამიანი იყო და ამის მიუხედავად, დაიწყეს ჩხუბი და ლანძღვა-გინება. ყველა ეს ადამიანი მიცემულია პასუხისგებაში. რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობაში ბრალდებულს, ისიც მიცემულია პასუხისგებაში“, — დასძინა დავით ყაზარაშვილმა.

სასამართლო პროცესზე მკველობაში ბრალდებულმა დავით ჯიჯეიშვილმა თქვა, რომ ხულიგნობაში თავს დამნაშავედ არ გრძნობს, თუმცა აღიარებს, რომ მირიან კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ცხვარიჭმიაში მოკლული მირიან კუკავას საქმეზე ბრალდებულია 8 პირი. 5 პირს ბრალი ჯგუფური ხულიგნობით წარედგინა, რაც ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს — ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლებით, რაც ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება დავით ჯიჯეიშვილს, მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით (ხულიგნობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანის გამოყენებით) წარედგინა. დანაშაულია 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფოტოზე: მოკლული მირიან კუკავა

მასალების გადაბეჭდვის წესი