გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანის დაღუპვის გამო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.
მთავრობის მეთაური სამძიმარს და თანადგომას უცხადებს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას და საზოგადოებას.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.
ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას. მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება”,- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.
დღეს, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა რვავე მათგანი. ასევე დაღუპულია პარაპლანის უცხოელი მგზავრი, ქართველი ინსტრუქტორი კი, შს მინისტრის ცნობით, ცოცხალია და კლინიკაში გადაიყვანეს.