არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა და აღნიშნულ ფაქტებს ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება სჭირდება.
თუმცა ამავდროულად, NGO-ების განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება.
„სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დააანონსა სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ.
ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით“, — ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ:
- იუსტიციის სამინისტროს — აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე;
- სასამართლოს — სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე;
- საქართველოს გენერალურ პროკურატურას — დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე.
განცხადებას ხელს აწერს არასამთავრობო ორგანიზაცია:
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
- საფარი
- უფლებები საქართველო
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
- საქართველოს ატლანტიკური საბჭო
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს საკუთარ სახლში, სამი ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მას პერსონალური მონაცემების ხელყოფას, უფლებამოსილების გადამეტებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.