არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. სწორედ საია იცავდა დაზარალებულის ინტერესებს.
საქმე ეხება მიმდინარე წლის იანვარში გავრცელებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, როგორ სცემს პოლიციელი არასრულწლოვანს. ჩანაწერის მიხედვით, ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?”.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ერთ-ერთი პოლიციელის ქმედება შეფასდა, როგორც არაადამიანური მოპყრობა და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.