ახალი ამბები

მაჭარაშვილი „ოცნებას“ ტოვებს და სამეულს უერთდება

28 ივლისი, 2022 • 661
მაჭარაშვილი „ოცნებას“ ტოვებს და სამეულს უერთდება

დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი „ქართული ოცნებიდან“ მიდის და ხუნდაძე-სუბარი-ყაველაშვილის სამეულს უერთდება.

ამის შესახებ მან პარლამეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც ჩემმა კოლეგებმა, მეც მივიჩნიე საჭიროდ [პარტიის დატოვება], განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი და იყო ადეკვატური რეაქცია საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩანს, ამართლებს ის პოლიტიკა, რასაც ჰქვია საზოგადოებისთვის სწორი, ობიექტური, საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

გამომდინარე აქედან და არა სხვა მიზეზის გამო, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაფუძნების დღიდან მაკავშირებს წევრობა და არანაირი პრინციპული შეუთავსებლობა არ არსებობს. საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ უხერხულობაში არ ჩავარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა არსებობს ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, აქედან გამომდინარე, როცა განცხადებას ვაკეთებ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელი, ამას სხვა წონა აქვს“, — განუცხადა მაჭარაშვილმა „ტვ პირველს“.

სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ „ქართულ ოცნება“ 28 ივნისს დატოვეს, როგორც მათ თქვეს, „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის“ გასატანად. ამის შემდეგ გაააქტიურეს „ოცნების“ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდა იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი