„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მიმართავს პარტიის მხარდამჭერების ჯგუფს, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ენმ-ისგან მეტ აქტოვობას ითხოვს.
„ფეისბუკზე ორკესტრირებულად ისმის კითხვები: სად არის პარტია? რას აკეთებთ? რას აპირებთ? მოიფიქრეთ მიხეილ სააკაშვილის დახსნის მექანიზმი… განზრახ მავნებლებთან საუბარს არც ვაპირებ, მინდა მივმართო ჩვენი პარტიის ამომრჩევლების იმ ჯგუფს, რომლებიც დიდ პატივისცემას იმსახურებენ და გულწრფელად არიან შეწუხებულები მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით და და უნებლიეთ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები. ნუ გავხდებით ამ პროპაგანდის მსხვერპლი, თუ მართლაც გვადარდებს მიხეილ სააკაშვილის ბედი, ნუ მივიღებთ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობას. დავფიქრდეთ და ადვილად მივხდებით, რატომაც თამაშობენ თქვენს გულწრფელ ემოციებზე. მათი მიზანი ერთადერთია — გაგვთიშონ და იბატონონ. მერწმუნეთ, ასე მხოლოდ გავუხანგრძლივებთ პატიმრობას მიხეილ სააკაშვილს“, — წერს მელია Facebook-პოსტში.
ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის სამკურნალოდ გადასაყვანად ბევრი კეთდება, თუმცა მისი გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნის და, შესაბამისად, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებაა.
„სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს! ავტოკრატიულ სახელმწიფოში სხვა მექანიზმის მოფიქრება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ, თავად მიხეილ სააკაშვილი არ მოიფიქრებდა თავის დროზე თანამებრძოლების ტყვეობიდან დასახსნელად, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ პატიმრობაში?“, — კითხულობს მელია.
მისი აზრით, ახლა, როცა ცივილიზებულმა სამყარომ „კედელთან მიიმწყვდია ოლიგარქი“, როგორც არასდროს, ისე გარდაუვალია ავტოკრატიის დამარცხება.
მელია საუბრობს ერთობის შენარჩუნების აუცილებლობაზე.
„არ დავმალავ, არის მცირე ჯგუფი, რომელიც ჩვენს მხარდამჭერად აცხადებს თავს, რეალურად კი ცდილობენ საყრდენის გამოცლას. მათ აქვთ მიუღებლობა ყოველგვარი სიახლის, ახალი ამომრჩევლის, ახალგაზრდების, რომლებიც ამ ბოლო დროს გვიერთდებიან ბრძოლაში. გაშმაგებული ებრძვიან მათ, ყველანაირად ცდილობენ გული აუცრუონ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობაზე. მათი მიზანი მარტივი და ვირეშმაკულია — არაფრისდიდებით არ დაუშვან არც ჩვენი რიგების ზრდა და არც ამომრჩევლის რიცხოვნობის ზრდა, რადგან მათ ზუსტად იციან, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი და ტყვეობიდან თავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი! ჩემთან ბრძოლით და ჩემი თუნდაც დამარცხებით კი, ვერც ქვეყანას დაიხსნით ტყვეობიდან და ვერც მიხეილ სააკაშვილს“, — აცხადებს ნიკა მელია.
ენმ-ის თავმჯდომარის თქმით, არავინ არ უნდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან დახსნა ისე, როგორც მას. ის მიიჩნევს, რომ სააკაშვილს მრავალმხრივი, დაუღალავი და რუტინული შრომა დაიხსნის პატიმრობიდან და არა, ემოციური შეძახილები, რომელსაც ბრაზისგან დაცლის ფუნქცია აქვს.
ნიკა მელიას თქმით, პარტიას ერთდროულად რამდენიმე ურთულესი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი: პოლიტმატიმრების გათავისუფლება, პარტიის გაძლიერება, მხარდამჭერთა რიგების გაფართოება ახალი ამომრჩევლის შემოკრების გზით.
აგვისტოდან ის აანონსებს მხარდამჭერების ფართო წრეებთან შეხვედრებს.
„დავდგეთ ერთად, ვიზრუნოთ იმაზე, რომ უფრო მეტნი ჩავერთოთ ამ ისტორიულ პროცესში, ერთად ვიბრძოლოთ ოლიგარქის ტყვეობიდან ქვეყნისა და პოლიტპატიმრების დასახსნელად და ქვეყნის ევროპაში დასამკვიდრებლად! უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ დამარცხების უფლება წაგვართვა ისტორიამ და ნუ დავიბრუნებთ მას!“ — დასძენს მელია.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები სოციალურ ქსელებში ხშირად აკრიტიკებენ ენმ-ის თავმჯდომარეს პასიურობის გამო და მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად ზოგადად ოპოზიცია საკმარისად არ აქტიურობს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ნონა მამულაშვილმა 31 მაისს განაცხადა, რომ ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ისურვებდა.
მამულაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის სტრატეგიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თანმიმდევრულობის პრობლემა აქვთ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და უფრო მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია. იმიტომ, რომ ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას“, – განაცხადა მამულაშვილმა.
ბევრად უფრო აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი – მამულაშვილი