რუსეთის საოკუპაციო ძალების კონტროლირებადი ხერსონის საკვანძო ხიდი უკრაინის ძალების მიერ მიტანილი სარაკეტო დარტყმების შემდეგ ჩაიკეტა. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია წერს. შეტევის ფაქტს ადასტურებს უკრაინული მხარეც.
ანტონოვსკის ხიდი მდინარე დნეპრზე გამავალი ორი გზიდან ერთ-ერთია, რომლითაც რუსეთს შეუძლია მოამარაგოს ან გაიყვანოს თავისი ძალები ტერიტორიიდან, რომელიც მდინარის აღმოსავლეთით აქვს ოკუპირებული.
როგორც ბრიტანული The Guardian წერს, ვიდეოებისა და მოწმეთა ნაამბობის მიხედვით, სამშაბათს ღამით ანტონოვსკის ხიდზე 18-მდე აფეთქება მოხდა და “რუსეთის ანტისარაკეტო საჰაერო თავდაცვა, როგორც ჩანს, ვერ ახერხებს დარტყმების შეჩერებას”.
საოკუპაციო ძალების მიერ ხერსონის რეგიონში შექმნილი ‘სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის” თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა, 27 ივლისს, რუსულ მედიასთან საუბრისას დაადასტურა ხიდის დაზიანების ფაქტი.
Footage of the damage on the Antonovskiy bridge after last night’s strikes. Regional officials have closed traffic on the bridge.https://t.co/vbFgg2LsKK pic.twitter.com/GHLFYc6Qoc
— Rob Lee (@RALee85) July 27, 2022
“ამ დროისთვის ხიდი მთლიანად დაკეტილია სატრანსპორტო მოძრაობისთვის”, – დასძენს სტრემუსოვი სააგენტო TASS-თან საუბრისას. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ხიდს უკრაინელებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებიდან (HIMARS) შეუტიეს.
დღესვე, სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია ჰუმენიუკმა დაადასტურა უკრაინის მიერ ხიდზე შეტევის ფაქტი.
“დიახ, იყო დარტყმები, მაგრამ ზუსტი”, — დასძინა მან ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
ანტონოვსკის ხიდზე უკრაინამ გასულ კვირასაც მიიტანა იერიში. კიევი ცდილობს, გაწყვიტოს მარშრუტები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს შეუძლია ხერსონსა თუ მის გარშემო იარაღის გადასატანად.
ბოლო რამდენიმე კვირაა, უკრაინა გარკვეულ წარმატებებს აღწევს ხერსონის რეგიონში. გასული კვირის ბოლოს რეგიონის თავმჯდომარის თანაშემწემ, სერგეი ხლანმა თქვა, რომ უკრაინა ოკუპირებული ხერსონის უკან დაბრუნებას სექტემბრისთვის ელის.
რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. არაერთი უკრაინული ქალაქი მიწასთან არის გასწირებული, დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.
ამჟამად რუსეთი სრულად აკონტროლებს ლუგანსკის ოლქს. ასევე, ხერსონის ოლქის დიდ ნაწილს. რუსული ჯარები იკავებენ ზაპოროჟიის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქების ნაწილსაც.
რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა. ასევე, მიმოქცევაში შევიდა რუსული რუბლი.







