პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს შესაბამისი სტრუქტურები ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაზე „საკმაოდ პროფესიონალურად“ მუშაობენ და მათ უნდა ვენდოთ.
ამის შესახებ პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის, ქრისტინე თაკალანძის დაკავების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, რაც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ, არის ის, რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ვაჩვენოთ ერთიანობა ამ საქმეში. ყოველი ასეთი ნიშნის მოგებით საუბარი, რომელიც, სამწუხაროდ, ასეთ ტრაგიკულ დროს არის ხოლმე, როდესაც საქართველოს მოქალაქეების გატაცება და დაკავება ხდება, კიდევ ერთხელ ხელს აძლევს რუსეთს“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უკანონო დაკავებები არ არის ახალი გამოწვევა და არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის სამწუხარო შედეგი.
„ამ გამოწვევას ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ. ერთი გახლავთ გაძლიერებული საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ჩვენი მეგობრების დახმარებით გვაქვს და ყოველ ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე გამოყენება. მეორე არის მცდელობა, რომ რაც შეიძლება მალე დახსნილი იქნან უკანონო პატიმრობიდან ადამიანები და ამ მცდელობას შედეგი მოაქვს. რაც შეეხება მეთოდებს, ამას განსაზღვრავენ შესაბამისი სამსახურები და საქართველოს მოქალაქეებმა, ვინც პატრიოტულად უყურებენ ამ საკითხს, ნდობა უნდა გამოუცხადონ ამ სამსახურებს. ჩვენ უნდა ვენდოთ და ისინი ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე, რომ უკანონო პატიმრები იქნან გათავისუფლები. რაც უფრო მეტად ხდება აჟიტირება ამ საქმის, ამას არ მოაქვს არაფერი, გარდა იმისა, რომ ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის დამატებითი მღელვარების შემოტანის მცდელობა. საქართველო არის სახელმწიფო. სახელმწიფოს აქვს შესაბამისი სტრუქტურები, რომლებიც ასეთ დროს საკმადო პროფესიონალურად მუშაობენ და შედეგსაც აღწევენ“, — განაცხადა პაპუაშვილმა.
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის განცხადებით, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს გალის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძე, რომელიც აფხაზური მხარის მტკიცებით, ქართული მხარის სასარგებლოდ აფხაზეთში ინფორმაციას აგროვებდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებული საქართველოს მოქალაქე საქართველოს დაზვერვის დავალებით მოქმედებდა და საქართველოს სპეცსამსახურებს გადასცემდა აფხაზეთში კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა ტიპის ინფორმაციას, რომელსაც თავის მხრივ, ქართული მხარე აფხაზეთის უსაფრთხოების და მისი სუვერენიტეტის საზიანოდ გამოიყენებდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
„საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს“, — აცხადებს სუსი.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ყველაზე ხშირია საქართველოს მოქალაქეებს დაკავება ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, რა შემთხვევაშიც დაკავებულებს ხშირად ათავისუფლებენ ჯარიმის გადახდის შემდეგ, თუმცა დამატებითი ბრალდებების შემთხვევაშიც უკანონო პატიმრობა შესაძლოა, წლობით გაგრძელდეს.
დღემდე პატიმრობაში რჩება ირაკლი ბებუა, რომელიც გალის რაიონში 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მას ბრალად ედება დე ფაქტო აფხაზეთის დროშის “შეურაცხყოფა”; სხვისი ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება, რასაც გაუფრთხილებლობის გამო შესაძლოა მოჰყოლოდა ადამიანის სიკვდილი ან “მძიმე შედეგები”; და საბრძოლო მასალების უკანონო შენახვა.
დე ფაქტო სასამართლომ მას 9 -წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ბჟანია აფხაზეთში აგენტების ჩანერგვაზე, შესაძლო დივერსიებსა და პროვოკაციაზე საუბრობს