ახალი ამბები

ჯაფარიძე: მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია

26 ივლისი, 2022 •
ჯაფარიძე: მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არასწორია

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ეხმაურება ირაკლი კობახიძის გუშინდელ გამონათქვამებს და აცხადებს, რომ არასწორია მშობლის ცოდვების შვილებისთვის წამოძახება. მისი თქმით, საქართველოში ვინმეს წინაპრისთვის „კაგებეშნიკის“ დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა, ერთი მხრივ, გახუნებულია, მეორე მხრივ კი, უაზრობა:

„მშობლის ცოდვების შვილისთვის წამოძახება არის არასწორი, გინდა არახამიამ ქნას ეს, გინდა განდიმ, ზოგადად ასეა ამ ქვეყანაში ვინმეს წინაპრისთვის „კაგებეშნიკის“ დაძახება და ამით დისკრედიტაციის მცდელობა არის, ერთი მხრივ, გახუნებული, მეორე მხრივ კი – უაზრობა.
აქ დღეს ვინც ვცხოვრობთ, ჩვენი, ყველას წინაპრები ან სისტემის ჯალათები იყვნენ, („კაგებეშნიკები“) ან სისტემის მონები. სხვა ყველა, ვინც სისტემის ჯალათობასა და მონობაზე უარი თქვა, საბჭოთა სისტემამ გასრისა და გაანადგურა. რომელი სჯობს, სისტემის ჯალათობა თუ მონობა – ჩემი აზრით ერთის დედაც და მეორისაც.

მაგრამ ასეთი ხალხი ვცხოვრობთ, დღეს აქ ასეთი ხალხი ვწვალობთ, რომ ვისწავლოთ ხელახლა, რას ნიშნავს თავისუფლება. ამიტომ ახერხებენ აქ ძალაუფლების მოყვარულები ერთპიროვნული მმართველობის სისტემაზე მოჯდომას – მარტივია ჯალათების და მონების პოვნა. ჰოდა, წარსულში ვისი წინაპარი ვინ იყო, მაგაზე ჭორაობას, დღეს რომ მონურ მდგომარეობაში ვართ, მაგას მივხედოთ, რომ ჩვენ შვილებს იმავეს დაწერა არ მოუწიოთ ჩვენზე“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.

ორშაბათს, 25 ივლისს, ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე „კაგებეშნიკი“, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…“

ირაკლი კობახიძის მამის, გია კობახიძის „კაგებესთან“ თანამშრომლობის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ „მთავარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა „კაგებეშნიკია“. სწორედ ამასთან დაკავშირებით უსვამდა ირაკლი კობახიძეს კითხვას „მთავარი არხის“ ჟურნალისტი.

მეორე დღეს, 26 ივლისს, კობახიძემ, ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, „ფეისბუკზე“ იგივე რიტორიკა გააგრძელა: დაწერა, რომ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა „სიბინძურე იკადრა“, „ისე იყო გაბოროტებული, კითხვის დასმისას ყბა აუკანკალდა და პირდაპირი გაგებით, პირზე დუჟი მოადგა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი