ახალი ამბები

საფრანგეთში მაღაზიებს ღია კარში აეკრძალათ კონდიციონერის ჩართვა

26 ივლისი, 2022 •
საფრანგეთში მაღაზიებს ღია კარში აეკრძალათ კონდიციონერის ჩართვა

ახალი რეგულაციის თანახმად, საფრანგეთში მაღაზიებს, ენერგიის დაზოგვის მიზნით, კონდიციონერების ჩართვა მხოლოდ მაშინ შეეძლებათ, თუ კარი დახურულია.

როგორც The Guardian წერს, უახლოეს დღეებში ძალაში შევა შესაბამისი კანონი, რომლის თანახმადაც მაღაზია 750 ევროთი დაჯარიმდება, თუ კონდიციონერს ღია კარში ჩართავს. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ხელისუფლებამ ამ კვირაში რეკორდულად მაღალი სიცხის ფონზე მიიღო.

ქვეყნის ეკოლოგიური გარდაქმნის მინისტრი ანიეს პანიე-რუნაშერი დასძენს, რომ კონდიციონერის ჩართვა მაშინ, როდესაც კარი ღიაა, 20%-ით ზრდის ენერგომოხმარებას.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთში ატომური ენერგიის გამოყენების გამო ელექტროენერგია შედარებით იაფია. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების შემდეგ, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეზღუდა. ამის ფონზე პრეზიდეტნმა ემანუელ მაკრონმა ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით ე.წ. სიფხიზლის პროგრამა გამოაცხადა.

აღნიშნული რეგულაცია კონდიციონერებზე სწორედ ამ ნაბიჯს ეხმიანება.

მასალების გადაბეჭდვის წესი