ახალი ამბები

კატეგორიულად ვგმობ კობახიძის უკადრის საქციელს – ზურაბიშვილი

25 ივლისი, 2022 •
კატეგორიულად ვგმობ კობახიძის უკადრის საქციელს – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმარუება მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და აცხადებს, რომ მის საქციელს კატეგორიულად გმობს. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა:

“კატეგორიულად ვგმობ ბატონი ირაკლი კობახიძის უკადრის საქციელს. ასეთი გამოსვლა არ ეკადრება ამ ქვეყანას, არ ეკადრება ჩვენს კულტურას, არ ეკადრება ჩვენს ტრადიციებს, არ ეკადრება ჩვენს ზრდილობას. “ათასად კაცი დაფასდა, ათიათასად – ზრდილობა!”

ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ სისუსტეს ამჟღავნებს!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 25 ივლისს ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მან მამამისის შესახებ დასმულ შეკითხვაზე – არის თუ არა გია კობახიძე “კაგებეშნიკი”, “მთავარი არხის” ჟურნალისტს უთხრა:

“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”.

ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.

კობახიძის შემდეგ ჟურნალისტებს შეურაცხყოფა მიაყენა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მან ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელი სიტყვები გაამართლა და ჟურნალისტს უთხრა, რომ “ათჯერ უარესი რომ არ უთხრა” კობახიძემ “ძალიან გაუკვირდა”. შემდეგ კი ჟურნალისტებს “სასარგებლო იდიოტები” უწოდა.

“მეც მიმძიმს ამ თქვენი მძიმე პროვოკაციების მოთმენა მაგრამ ვითმენ შეძლებისდაგავრად. ირაკლიმაც მოითმინა შეძლებისდაგვარად. ათჯერ უარესი რომ არ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა. თქვენ იმდენად მძიმე შეურაცხყოფა მიაყენეთ…

მე რომ გითხრათ ახლა, რომ თქვენ ხართ კრემლის სასარგებლო იდიოტი, ეს სწორია თუ არასწორია. მე ასე მგონია და აქამდე არ გეუბნებოდით. თქვე, თქვენი ტელევიზიით, ვინაიდან არ იმჩნევთ მილიონობით რუბლით ადამიანებს და მის ქეისებს, არ იმჩნევთ საერთოდ, ვინაიდან ვითომ დეკლარირებთ პროდასავლურად და საბოლოო ჯამში რუსულ საქმეს აკეთებთ, შედეგებიდან ასე გამომდინარეობს, ჩემი აზრით, თქვენ ბრძანდებით კრემლის სასარგებლო იდიოტები”, – უთხრა ჟურნალისტებს მდინარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი