მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მთავარი არხის” ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის ამსახველი კადრები ტელეკომპანიებმა გაავრცელეს.
კადრებში ისმის, რომ ჟურნალისტი კობახიძეს მამამისის შესახებ ეკითხება, არის თუ არა ის “კაგებეშნიკი”, რაზეც კობახიძე პასუხობს:
“კაგებეშნიკი არის მამათქვენი… სახე დაკარგე. ნუ კანკალებ, სახე დაკარგე… ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი. დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. პირი მოიწმინდე, სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც. შენს ბელადს დაემსგავსე პირითაც, სირცხვილია. სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინო… შენ ხარ [დავით] არახამია… როგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი… გადი ახლა აქედან… ნაცმოძრაობის გულისთვის დაკარგე სახე…”, – უთხრა ჟურნალისტს ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეშნიკობის” შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიამ “მთავარ არხთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მან არ იცოდა, ვინ იყო ირაკლი კობახიძე, ინფორმაციის მოძიების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა [გია კობახიძე] “კაგებეშნიკია”.