ახალი ამბები

კვარაცხელია: მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო, შემდეგ იტალიური

25 ივლისი, 2022 •
კვარაცხელია: მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო, შემდეგ იტალიური

21 წლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში გადასვლის შემდეგ სამომავლო გეგმებსა და მისწრაფებებზე Il Mattino-სთან საუბრობს.

გამოცემასთან, კვარაცხელია, რომელიც იტალიურმა კლუბმა 10 მილიონ ევროდ დაიმატა, აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის თამაში დაიწყო, ისეთ პრესტიჟულ შეჯიბრში მონაწილეობაზე ოცნებობს, როგორიც ჩემპიონთა ლიგაა. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ ნაპოლიში კარგი ატმოსფერო დახვდა და მზადაა ნებისმიერ პოზიციაზე ითამაშოს, სადაც მწვრთნელი გადაწყვეტს:

„ყველაზე კომფორტულად მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ, მაგრამ გუნდის განკარგულებაში ვარ. მზად ვარ გავაკეთო, რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს. ის არაჩვეულებრივი მასწავლებელია, ყოველდღე მისგან რაღაც ახალს ვსწავლობ“, – ამბობს კვარაცხელია ლუჩიანო სპალეტიზე საუბრისას.

კვარაცხელია ინტერვიუში საუბრობს ენობრივ ბარიერზეც. მისი თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ისწავლა, თუმცა გუნდში კარგი მასწავლებლები ჰყავს:

„აქ მითხრეს, რომ ჯერ ნეაპოლური უნდა ვისწავლო და შემდეგ იტალიური. ჯერ რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, მაგრამ გუნდში კარგი მასწავლებლები მყავს“, – ამბობს კვარაცხელია.

გამოცემასთან 21 წლის ქართველი ფეხბურთელი საუბრობს სახლიდან ასე შორს ცხოვრებაზეც. მისი თქმით, ოჯახისგან შორს, დამოუკიდებლად ცხოვრებასთან შეგუება ადრეულ ასაკში მოუწია. კვარაცხელია აღნიშნავს, რომ რუსეთში 17 წლის ასაკში მოუწია გადასვლა, სადაც ლოკომოტივში თამაშობდა:

„ვიცი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია და სანამ ფეხბურთელი ვიქნები, ასეც მომიწევს“, – ამბობს კვარაცხელია.

ინტერვიუში კვარაცხელია რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო, რის გამოც რუსეთის დატოვება მოუხდა:

„ყაზანში ორი წელი ვთამაშობდი, მაგრამ ომი რომ დაიწყო, გავიაზრე, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ომის არ მეშინოდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების საჭიროება ვიგრძენი. ბოლო მატჩის შემდეგ, რომელიც ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ვითამაშე, გულშემატკივარი მოედანზე შემოვარდა, რათა ახლოდან ვენახე, ეს შესანიშნავი იყო“ ,- ამბობს კვარაცხელია.

მისი თქმით, ნაპოლიში თანაგუნდელები ისე შეხვდნენ, როგორც ოჯახის წევრს. რაც შეეხება ნეაპოლში მის საცხოვრებელს, კვარაცხელია ამბობს, რომ სახლი ჯერ არ შეურჩევია, თუმცა უნდა, რომ ბინა სპორტულ ცენტრთან ახლოს იპოვოს, რათა მაქსიმალურად სამსახურზე იყოს კონცენტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი