ახალი ამბები

ენმ-ის ცნობით, ქართული კომპანიები რუსულ სანქცირებულ ნავთობს ყიდულობენ, დავითაშვილი უარყოფს

25 ივლისი, 2022 • 679
ენმ-ის ცნობით, ქართული კომპანიები რუსულ სანქცირებულ ნავთობს ყიდულობენ, დავითაშვილი უარყოფს

ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული კომპანიები რუსეთიდან სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობენ.

ასე გამოეხმაურა დავითაშვილი ენმ-ის წევრ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ვისოლ ჯგუფი“, „არაგვი იმპექსი“ და „ლუკოილი“ სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს ყოდულობენ.

„საქართველო სანქცირებულ ნავთობს არ ყიდულობს. საქართველო სანქციებს იცავს მაქსიმალური პასუხისმგებლობით. არცერთი შენიშვნა ამ კუთხით საქართველოს მიმართ არ არსებობს. კონკრეტულად ამ კომპანიების მიერ შეძენილი ნავთობი არ არის სანქცირებული.

ასეთივე ნავთობს ყიდულობს ევროპის და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან ბევრი ქვეყანა. მათ შორის, საქართველოშიც გადაწყვეტილებები მიიღება კერძო კომერციული კომპანიების მხრიდან ზუსტად იმ პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც არსებობს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება სანქციების აღსრულების მექანიზმებს, დავითაშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფო უწყებების საბაჟო სტრუქტურები, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ჩართული იყვნენ მუშაობაში, როდესაც „ხდებოდა სანქციების კონკრეტული აღსრულების მექანიზმების განმარტებები“ და გადაწყვეტილებები, მათ შორის, ნავთობთან და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით,  რომელიც „შეჯერებულია სტრატეგიულ პარტიორებთან“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 25 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობის დახმარებით კონკრეტულ ბიზნესმენებს საქართველოში შემოაქვთ რუსული სანქცირებული ნავთობი.

„სამწუხაროდ, ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის- „ვისოლ ჯგუფი“, „არაგვი იმპექსი“ და, ცხადია, „ლუკოილი“, რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზებით დაატარებს საქართველოში სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს.

ჩვენ ვაძლევთ რამდენიმე დღეს ამ სამ კომპანიასაც და დანარჩენ ათსაც, რომელსაც ამ დროისთვის არ ვასახელებ, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ ომის დაწყებიდან დღემდე ყოველდღიურად რუსეთს შესდის დაახლოებით 900 მილიონი დოლარის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან, მათ შორის, ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი