ახალი ამბები

15 ივლისის შემდეგ ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად 6,3 მლნ გამოიყოფა – სახელმწიფო შესყიდვა

25 ივლისი, 2022 • 1076
15 ივლისის შემდეგ ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების დასაბინავებლად 6,3 მლნ გამოიყოფა – სახელმწიფო შესყიდვა

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სოციალური მომსახურების სააგენტომ ახალი შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვა იმ უკრაინელ ლტოლვილებს, ეხება, ვინც ქვეყანაში 15 ივლისს შემოვიდა და, ჯამში, 6 300 000 ლარის დახარჯვას ითვალისწინებს. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ამ თანხით სამინისტრომ მოქალაქეები საცხოვრისში უნდა განათავსოს.

შესყიდვა „სასტუმრო მომსახურების“ კატეგორიიდანაა და განსაზღვრულია 15 ივლისის შემდგომ საქართველოში შემოსულ უკრაინელებზე, რომლებმაც ომის გამო დატოვეს სამშობლო. შესაბამისად, შესყიდვა არ ეხება მოქალაქეებს, რომლებიც 15 ივლისამდე იმყოფებოდნენ ქვეყანაში და სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი სასტუმროების დატოვება 1 აგვისტოდან მოუწევთ.

ამასთანავე, ჯერჯერობით გაურკვეველია, უწყება თავად უზრუნველყოფს სასტუმროებში მოსახლეობის დაფინანსებას თუ ქირის თანხას გამოუყოფს. ამ დეტალებთან დაკავშირებით დაზუსტებას სამინისტროსგან ველოდებით.

უწყება ამ სერვისს გამარტივებული შესყიდვით ყიდულობს, ამის არგუმენტად კი ასახელებს, რომ შესყიდვის დაყოვნება გამოიწვევს უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენას:

„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს „უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონდე პირთათვის სოციალური-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის №1254 განკარგულების მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისათვის (პირი, რომელიც საქართველოში შემოვა 2022 წლის 15 ივლისის შემდგომ უკრაინაში საომარი მოქმედებების არსებობის შემთხვევაში და ამ მიზეზით ვერ ახერხებს მოქალაქეობის ქვეყანაში და/ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებას და მოთხოვს სახელმწიფოსგან ამ განკარგულებით გათვალისწინებულ დახმარებას, საცხოვრისში (ფართი, რომელშიც არის მინიმალური საცხოვრებელი პირობები, მათ შორის სასტუმრო/ საოჯახო ტიპის სასტუმრო და სხვა) განთავსებისა და სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) მომსახურებას“.

დოკუმენებიდან ირკვევა, რომ ზემოხსენებული მიზნით სააგენტომ მიმდინარე ეტაპზე განახორციელა გამარტივებული შესყიდვები “გადაუდებელი აუცილებლობით” 1 596 600 (ერთი მილიონ ხუთასოთხმოცდათექვსმეტი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, რომლის მომსახურების გაწევის ვადად განსაზღვრულია 2022 წლის 18 ივლისიდან 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით პერიოდი.

“მოცემულ ეტაპზე სააგენტოსთვის შეუძლებელია წინასწარ განსაზღვროს 2022 წლის 20 აგვისტოდან შემდგომ პერიოდში განკარგულებით მოსარგებლე პირებისათვის საჭირო მომსახურება (საცხოვრისით უზრუნველყოფა, კვებით ან მის გარეშე), ვინაიდან აღნიშნული დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ იმ უკრაინელ პირთა რაოდენობაზე, რომლებიც მოითხოვენ სახელმწიფოს დახმარებას და შესყიდვის დაყოვნება გამოიწვევს უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გარეშე დარჩენას“, – წერია დოკუმენტაციაში.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს, მათ გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე უწყება მხოლოდ ოჯახზე 300-ლარიან (+45 ლარი პირზე) დახმარებას გასცემს. ჩვენ პრესსამსახურს ვკითხეთ შესყიდვის შესახებ, კერძოდ რას ეხებოდა ის – სასტუმროში განთავსებას თუ სხვა სახის სერვისს. დამამატებით დეტალებს სამინისტროსგან ველოდებით.

რა ხდება?

17 ივლისს თბილისის მერიამ განაცხადა, რომ ამა წლის 1 აგვისტოდან დედაქალაქის მერია უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში საომარი მოქმედებების გამო ჩამოვიდნენ, საცხოვრისით აღარ უზრუნველყოფს. მერიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქეები, მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სანაცვლოდ მიიღებენ ფულად დახმარებას.

დახმარება 300-ლარიანია, რასაც ემატება თითო სულზე 45 ლარი.

ამასთანავე, როგორც ირკვევა, დახმარების პროგრამაში უნდა ჩაერთონ ორგანიზაცია World Vision და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა სააგენტო.

ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ 2 თვის განმავლობაში გამოყოფს 235 ლარს თვეში ერთ ადამიანზე – „მოწყვლადობის კრიტერიუმების გათვალისწინებით“. ნეტგაზეთის კითხვაზე, ორგანიზაცია ამბობს, რომ 2 თვის შემდეგ საჭიროების მიხედვით დაგეგმავს ნაბიჯებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი