ახალი ამბები

„მოვუწოდებთ უმრავლესობას, საკონსტიტუციო სარჩელზე განცხადებებისგან თავი შეიკავონ“ – დეპუტატები

25 ივლისი, 2022 •
„მოვუწოდებთ უმრავლესობას, საკონსტიტუციო სარჩელზე განცხადებებისგან თავი შეიკავონ“ – დეპუტატები

საქართველოს პარლამენტის დეპუტეტები- თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური და ანა ნაცვლიშვილი  ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია.

დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს წარუდგინა 12 წინაპირობა, რომელთა შორისაც დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა ერთ-ერთი საკვანძო საკითხია.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი და აშშ აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების გაძლიერებას და გასულ წელს ნაჩქარევად და არაინკლუზიურად მიღებული ერთპარტიული ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში მკვეთრად უარყოფითად შეფასდა, როგორც ქვეყნის დასავლელი პარტნიორების მხრიდან, ასევე ყველაზე ავტორიტეტული პროფესიულ ინსტიტუტის – ვენეციის კომისიის მიერაც.

დეპუტატების განცხადებით, სწორედ ამ საკითხის კონსტიტუციურობის განხილვა უნდა მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ:

„საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საჯაროდ გამოხატა პოზიცია პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე და მოითხოვა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილება, მიუხედავად არსებული საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისა.

ჩვენ, ხელისმომწერი საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატები, მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, თავი შეიკავონ საჯარო განცხადებებისგან იმ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით, რომლის განხილვაც ჯერ არ დაწყებულა. მოსარჩელე მხარისთვისაც უცნობი იყო მომხსენებელი მოსამართლის ვინაობა, შესაბამისად, მოსარჩელეებს არც მოსამართლის აცილების დოკუმენტი გადასცემია“, – აცხადებენ დეპუტატები.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მმართველი პარტიის დეპუტატების პოლიტიკური განცხადებები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსახილველ სარჩელზე მის განხილვამდე სხვა არაფერია, თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობა პარლამენტის მხრიდან და საქმის პოლიტიზაცია, რაც დაუშვებელია.


საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის გამო. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ – პარლამენტი პოსტის „დაგულვისთვის“ მოსამართლე კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი