ახალი ამბები

გამოფინეს თუ არა სოხუმში საქართველოს დროშა

25 ივლისი, 2022 • 4011
გამოფინეს თუ არა სოხუმში საქართველოს დროშა

23 ივლისს სოხუმში  დროშის დღე აღინიშნა. ამ დღეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქში სხვადასხვა სადღესასწაულო ღონისძიება მოაწყო, მათ შორის იყო ცხენოსნების მიერ ქალაქ სოხუმისა და აფხაზეთის ისტორიული დროშების გამოფენა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ქართველი მომხმარებლების ნაწილმა საქართველოს ამჟამინდელი, ხუთჯვრიანი დროშები ამოიცნო.

მართალია, სოხუმში გამოფენილი დროშები მართლაც ჰგავს საქართველოს ამჟამინდელ დროშას, თუმცა რეალურად, სხვა, წინამორბედი, ისტორიული დროშებია.

აფხაზი მხედრები დროშებით, მათ შორისაა ხუთჯვრიანი დროშა, რომელზეც მწვანე და თეთრი ხაზებიცაა დატანილი. 

სინამდვილეში ამ ფოტოზე გამოსახულია მე-14-15 საუკუნის საზღვაო რუკებზე დატანილი სოხუმის დროშა.

ხუთჯვრიანი დროშა სოხუმისა და, შესაბამისად, აფხაზეთის სამთავროს აღსანიშნად დატანილია ესპანელი კარტოგრაფისა და მოგზაურის, გაბრიელ დე ვალსეკას საზღვაო რუკაზე, რომელიც 1439 წელსაა შესრულებული.

დღევანდელი სოხუმის აღსანიშნად ერთ-ერთ საზღვაო რუკაზე, ანუ პორტულანზე, მსგავს დროშას იყენებს კიდევ ერთი კარტოგრაფი ანჯელინო დულჩერი.

დულჩერის ერთ-ერთი რუკა. ეს კარტოგრაფი 1339 წელს შესრულებულ სხვა რუკაზე სოხუმსაც და თბილისსაც ერთი დროშით, წითელი ხუთჯვრიანი დროშით გამოსახავდა.

საზღვაო რუკა, სადაც სოხუმი [სევასტოპოლისი] და თბილისი მსგავსი, ხუთჯვრიანი დროშებითაა გამოსახული. თბილისის აღსანიშნად ხუთჯვრიან დროშებს სხვა კარტოგრაფებიც იყენებდნენ.

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც სოხუმიდან გავრცელდა, ჩანს დროშა, რომელზეც დატანილია წითელი ჯვარი და ოთხი წითელი წრე.

ruka 3

ამ დროშით სოხუმი, იმ დროს კი სევასტოპოლისი, იტალიელმა კარტოგრაფმა, პიეტრო ვისკონტემ 1325 წელს აღნიშნა. 

რუკები აღებულია საქართველოს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ვებ-გვერდიდან.

„ეს არ იძლევა სიხარულის საფუძველს, რომ აფხაზებმა საქართველოს დროშა გამოაჩინეს“

წიგნი-ალბომის, „საქართველო რუკებზე“ შემდგენლის, ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის განცხადებით, სოხუმში გამოფენილი, მათ შორის, ხუთჯვრიანი დროშები, არის ძველ საზღვაო რუკებზე დატანილი დროშები, რომლებიც სოხუმის აღსანიშნად გამოიყენებოდა.

ბაქრაძის განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლების აზრით, ამ დროშებს კავშირი არ აქვთ საქართველოსთან.

„ეს არ იძლევა სიხარულის საფუძველს, რომ აფხაზებმა საქართველოს დროშა გამოაჩინეს, ეს ასე არ არის. ისინი ამ დროშებს საკუთარ დროშებად თვლიან, რადგან ეს დროშები ისტორიულად მართლაც იყო დატანილი სოხუმის თავზე“, — განაცხადა ლაშა ბაქრაძემ ნეტგაზეთთან საუბრისას.

ისტორიკოსის თანახმად, ძველი საზღვაო რუკების ნაწილზე თბილისი აღნიშნულია ხუთჯვრიანი დროშით, ხოლო სოხუმი, გარდა ხუთჯვრიანი დროშისა, ასევე დამატებით მწვანე და თეთრი ზოლებითაც, რაც მიანიშნებს, რომ ის „საქართველოს ნაწილია“.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე

„რასაკვირველია, იმდროინდელი დროშები დღევანდელისაგან ძალიან განსხვავდებოდა, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ სოხუმზე არსებული დროშა, ნაწილი ხუთჯვრიანი დროშა და ნაწილი მწვანე და თეთრი ხაზები, დღევანდელი ტერმინოლოგიით გარკვეულ ავტონომიურობაზე მიანიშნებს. შედარებისათვის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის დროშებზე ბრიტანული დროშებიცაა მოცემული.

ანჯელინო დულჩერტის რუკები აშკარად აჩვენებენ, რომ აფხაზეთი არის საქართველოს ტერიტორია“, — აცხადებს ლაშა ბაქრაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი