უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი გამოეხმაურა ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმას და თქვა, რომ რუსეთი ყოველთვის იპოვის გზებს, რომ დადებული პირობა დაარღვიოს. ამის შესახებ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“[ოდესის პორტზე თავდასხმა] მხოლოდ ერთ რამეს ამბობს: რაც არ უნდა თქვას და რა პირობაც არ უნდა დადოს რუსეთმა, იპოვნის გზებს, როგორ არ შეასრულოს ის. გეოპოლიტიკურად, იარაღით, სისხლით თუ არ, მას აქვს რამდენიმე ვექტორი, რომლითაც ყოველთვის მოქმედებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ცნობით, დღეს, 23 ივლისს რუსეთმა ოდესას 4 რაკეტა ესროლა, მათ შორის 2 მათ შორის ორი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, ორი კი ოდესის პორტს მოხვდა.
Unian-ის ცნობით, აგრარული პოლიტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ რუსული რაკეტების თავდასხმისას ოდესის პორტიდან მარცვლეულის გაგზავნას გეგმავდნენ. პრესსამსახურის ცნობით მარცვლეული ხვალ ან ზეგ უნდა გაგზავნილიყო.
გუშინ, 22 ივლისს უკრაინამ თურქეთთან და გაეროსთან ხელი მოაწერა შეთანხმებას შავი ზღვის რეგიონიდან ხორბლის ექსპორტის გაგრძელების თაობაზე. ომის დაწყების შემდეგ, რუსული აგრესიისა და პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ვერ ახერხებდა ხორბლის ექსპორტს.
ოდესის პორტზე თავდასხმის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სარაკეტო თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მხრიდან თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის და გაეროს გენერალურ მდივან ანტონი გუტერეშისთვის “სახეში შეფურთხებაა”.
სწორედ ისინი შუამდგომლობდნენ ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.
უკრაინა, რუსეთთან ერთად, მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.
მას შემდეგ, რაც ომისა და სანაოსნო გზების ბლოკირების გამო უკრაინიდან ხორბლის ექსპორტი შეწყდა, მსოფლიოში საკვების ფასები მკვეთრად გაიზარდა.
მნიშვნელოვანი სასურსათო კრიზისის წინაშე დადგნენ ისეთი ქვეყნები, რომლებიც მანამდეც დიდი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე იდგნენ.