ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი EU-ს რეკომენდაციებზე პარალელურ პროცესს აანონსებს

22 ივლისი, 2022 •
ოპოზიციის ნაწილი EU-ს რეკომენდაციებზე პარალელურ პროცესს აანონსებს

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით „ქართული ოცნების“ დაანონსებული პროცესის პარალელური პროცესის შესახებ განაცხადა.

რეკომენდაციების შესრულების მიზნით სამუშაო გეგმა „ქართულმა ოცნებამ“ პირველ ივლისს წარადგინა.

დღეს, 22 ივლისს,  ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ,- გუშინ პარლამენტში ევროპარლამენტარებთან, დღეს კი  არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ,- განაცხადა, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონპროექტების მომზადების ცალკე პროცესს იწყებენ.

„ვისაც იქით [„ქართული ოცნების“] პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს, გზა დამილოცნია. ჩვენ არ ვაპირებთ დროის დახარჯვას ფუჭ შეხვედრებში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა.

მანამდე ვაშაძე აკრიტიკებდა “ქართულ ოცნებას”, რომელმაც მისი თქმით, რეკომენდაციებზე მუშაობა ოპოზიციას დათქმებით შესთავაზა, რომ დეოლიგარქიზაცია არ შეეხებოდა ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მართლმსასჯულების რეფორმა – კლანს, რომელიც მმართველი პარტიის პოზიციით სასამართლო სისტემაში არც არსებობს.

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში შედეგს ვერ მივიღებთ, რადგან მათი ამოცანა არ არის ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება, ამიტომაც:

„ჩვენთვის აუცილებელია, საზოგადოებასა და დასავლურ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ აი, „ქართული ოცნების“ გზა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაზეა ორიენტირებული, და აი, პროდასავლური ოპოზიციის გზა, რომელიც ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი კანონების მომზადებაზეა ორიენტირებული“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიის ერთ-ერთმა პარლამენტარმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „სამუშაო ჯგუფები „ქართული ოცნების“ პირობებში არის არაეფექტური, არაქმედითი და მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაწელვას, რაც, ბუნებრივია, ჩვენს ინტერესში არ უნდა შედიოდეს“.

ამიტომ, ბეჟაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ სთავაზობს „ინსტიტუციონალიზებულ ფორმატებს, – საკომიტეტო მოსმენებს, პლენარულ სესიას, – სადაც ღიად, საჯაროდ, ჟურნალისტებისა და დამსწრე ექსპერტების მეშვეობით შევძლებთ ყველა საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებას“.

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ 6 ივლისს განაცხადა, რომ პარტია უერთდება „ქართული ოცნების“ მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ წამოყენებულ ინიცირებულ პროცესში 12 პუნქტის შესასრულებლად,  იმის მიუხედავად, რომ, მათი შეფასებითვე, ამ პროცესის რეალური მიზნები უცნობია.

სავარაუდოდ, პარტიების ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, და განაცხადა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებზე პოლიტიკურმა პარტიებმა ერთიანად უნდა იმუშაონ და არა პარალელური ჯგუფების მეშვეობით.

„საქართველოს დევიზია „ძალა ერთობაშია“. სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე პარალელური ჯგუფების მუშაობა არ არის არც ძალის და არც ერთობის მაჩვენებელი. ევროკავშირის კანდიდატობა მხოლოდ ერთი პარტიით კი არა, გაერთიანებული პოლიტიკური კლასით მიიღწევა. ყველას შეაქვს წვლილი, ყველას წვლილი ფასდება“, – დაწერა ვიოლა ფონ კრამონმა ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი