ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების გაციებას არ გამორიცხავს

22 ივლისი, 2022 •
ბჟანია რუსეთთან ურთიერთობების გაციებას არ გამორიცხავს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეფერხებამ, შესაძლოა, გააციოს აფხაზეთის რუსეთთან ურთიერთობები.

აფხაზური გამოცემა apsadgil-ის ცნობით, ამის შესახებ ბჟანიამ ისაუბრა სოხუმის რაიონის დეპუტატ კან კვარჩიასთან შეხვედრის დროს. კერძოდ, კვარჩიამ მას შეთავაზა, რუსული საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში გაარემონტონ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის ობიექტზე არსებული ტერიტორიები, თუკი თავად რუსეთს, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად, არ  აქვს უფლება, იმ ობიექტების რემონტი ჩაატაროს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არ არის [ოფიციალურად ამაზე აპელირებს რუსეთი, როდესაც ბიჭვინთის აგარაკს საკუთრებაში ითხოვს].

ამის საპასუხოდ, როგორც გამოცემა წერს, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ მისი მთავარი ამოცანაა აფხაზეთის მოსახლეობას ემსახუროს და მას ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს:

“სახელმწიფო აგარაკის საკითხი არ არის ერთადერთი, რომელიც სახელმწიფოების ურთიერთობებში ღიად რჩება”.

აქვე ბჟანიამ შეახსენა, რომ რუსული მხარე სთავაზობდა, ოჩამჩირის რაიონში განეთავსებინა აფხაზურ-რუსული ერთობლივი სამხედრო ბაზები საკუთრების უფლებით.

“დაახლოებით ანალოგიური მიზეზებით ეს არ განხორციელდა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა შეთანხმებას ხელი მოაწერა, თუმცა ასეც ვერ იქნა რატიფიცირებული პარლამენტის მიერ. შეთანხმებაში ეწერა, რომ მათი გასვლის შემდეგ, ნაწილი აფხაზეთის მხარეს დარჩებოდა. ეს ის საკითხია, რომელიც ჩემ მიმართაც ისმებოდა. აქამდეც მითქვამს, რომ რუსეთთან არაფერი მოხდება, მხოლოდ ურთიერთობების გარკვეული გაციება, მაგრამ შევეცდებით ეს გაციებაც გადავიტანოთ”,- აცხადებს ბჟანია.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიმართა ადგილობრივ საკონსტიტუციო სასამართლოს,  განიხილოს ბიჭვინთაში სახელწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემაზე შეთანხმება კონსტიტუციის შესაბამისად.

აფხაზურ საზოგადოებაში რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს დისკუსია ბიჭვინთაში ყოფილი სახელმწიფო აგარაკების მიმდებარე სანაპირო ზოლისა და საზღვაო აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით გადაცემის საკითხზე. საუბარია შეთანხმებზე, რომელსაც ხელი მოეწერა მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს. ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმების პროექტით, 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49- წლიანი იჯარით გადაეცემა. აღნიშნული შეთანხმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მარტამდე ცნობილი არ ყოფილა.

ამავე თემაზე: 

რატომ უნდა ბიჭვინთა რუსეთს – ხედვა აფხაზეთიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი