არასამთავრობო ორგანიზაციებმა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” ანგარიში გამოაქვეყნეს, რომელიც მათი თქმით, სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებს ეყრდნობა.
ანგარიშში მოცემულია 2018-2020 წლის არჩევნებში, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩეველთა ხმების მობილიზების დამადასტურებელი ფაქტები.
ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი ასეთი გზა შემოსავლების სამსახურის საარჩევნო მიზნებით გამოყენება იყო. კერძოდ, სახელმწიფო უწყებები სწავლობდნენ იმ კომპანიების წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პირად მონაცემებს (რაც ზოგადად საჭირო არ არის რესტრუქტურიზაციისთვის), ვინც შემოსავლების სამსახურს, სავარაუდოდ, საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციისთვის მიმართავდა.
ამ ინფორმაციას შორის იყო კონკრეტული პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების, საზღვრის კვეთის, შემოსავლების და სხვა ცნობები. ასევე აღნიშნული იყო, ჰქონია თუ არა რაიმე სახის კავშირი მას რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან.
არასამთავრობოების თქმით, მსგავსი ინფორმაციები 28 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირზე იყო გაერთიანებული ერთ ელექტრონულ დოკუმენტში. დოკუმენტის თანახმად, ეს პირები სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და და სავარაუდოდ, სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე ჰქონდათ დავალიანება.
“საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის პროცედურებისთვის კანონიერი საფუძველი ვერ ექნებოდა ისეთი ინფორმაციის დამუშავება, როგორიცაა კომპანიის მესაკუთრის, მისი ოჯახის წევრების, ნათესავებისა თუ მეჯვარის შესახებ არსებული სისხლის სამართლის საქმეების მონაცემები, მათი კავშირი პოლიტიკურ პარტიებთან, საზღვრის კვეთის ინფორმაცია, სახელფასო ანაზღაურება და ა.შ. დოკუმენტის ანალიზი აჩენს ეჭვს, რომ შემოსავლების სამსახური გადაწყვეტილებას იღებდა პოლიტიკური საფუძვლებით მმართველ პარტიასა და სუს-თან შეთანხმებით”, – განმარტებულია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში მოცემულია დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის მიმართვაა “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ, რომ მითითებულ პირს შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოში უშუამდგომლონ, რადგან მას “სჭირდება მანქანის დახსნა”
„სრული სქემის მასშტაბი გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ამ მეთოდებით არჩევნების პროცესში ჩარევის შედეგად შესაძლებელი იყო ამომრჩევლის ხმის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მასშტაბური მობილიზება“, – აცხადებენ არასამთავრობოები.
კვლევის თანახმად, მმართველი პარტიის წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების სერვისების გამოყენებით კონკრეტულ პირებს, სავარაუდოდ, ასევე სთავაზობდნენ:
- პირობითი მსჯავრის გაუქმებას,
- შეჩერებული/ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენას,
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე ბრალდების შემსუბუქებას (გადაკვალიფიცირებას),
- სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებას,
- წვევამდელთა სამხედრო სამსახურის მოხდის ვალდებულების გადავადებას და ა.შ.