ახალი ამბები

“ქუჩის ბიჭების მობილიზება ხმების მოსაპოვებლად” – გოგაშვილის ფაილები

21 ივლისი, 2022 •
“ქუჩის ბიჭების მობილიზება ხმების მოსაპოვებლად” – გოგაშვილის ფაილები

ორგანიზაციებმა “სამართლიანი არჩევნები” და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც მოცემულია ცნობები 2018-2020 წლების არჩევნებში ხმების მობილიზების სანაცვლოდ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენის სავარაუდო მცდელობების შესახებ. ანგარიშის თანახმად, დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა მიაწოდა.

ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ სქემაში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა გლდანის მაშინდელი გამგებელი ბექა მიქაუტაძეც, რომელიც მსჯავრდებულებისთვის პირობების გაუმჯობესების სანაცვლოდ “ქუჩის ბიჭების” მობილიზებას ჰპირდებოდა მმართველ პარტიას.

ანგარიშის თანახმად, დოკუმენტებიდან გამოიკვეთა, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ამ სისტემის შემსრულებლები იყვნენ, სავარაუდოდ, მაშინდელი იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი.

“ამ უწყებების მეშვეობით, სავარაუდოდ, გროვდებოდა პერსონალური ინფორმაცია საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა და სხვა მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მომავალში მათზე ზეწოლის მიზნით. გარდა ამისა, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მეშვეობით ხდებოდა მოქალაქეების წინასწარ მოთხოვნილი შეღავათებით და სხვა ტიპის სარგებლით უზრუნველყოფა”, – განმარტებულია კვლევაში

როგორ მუშაობდა სქემა

კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა მოსყიდვის სქემა შემდეგნაირად მუშაობდა:

2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის იანვარის ჩათვლით ათამდე სხვადასხვა ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, რომელიც გოგაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” რეგიონულ შტაბებს ეკუთვნოდა, ინფორმაცია სამ მისამართზე იგზავნებოდა: taso.butkhuzi@gmail.com, turqiadavid@gmail.com, gd.reg41@gmail.com.

აღნიშნილი მეილებიდან ინფორმაცია თავს იყრიდა ერთ მეილზე securgd@gmail.com, საიდანაც ნაწილდებოდა ორ ელექტრონულ მისამართზე: gpataridze@justice.gov.ge-ზე და akhojevanishvili@yahoo.com-ზე.

გოგაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მეილები ეკუთვნოდა იუსტიციის იმდროინდელ მინისტრის მოადგილეს გიორგი პატარიძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იმდროინდელი უფროსს ალექსანდრე ხოჯევანიშვილს.

ინფორმაციის შემგროვებელ მეილზე securgd@gmail.com მიღებული და გაგზავნილი იქნა 189 წერილი, რომელიც შეიცავდა ასეულობით მიბმულ ფაილს.

სავარაუდოდ, ხოჯევანიშვილსა და პატარიძეს  გაეგზავნათ 38 მეილი, მათ შორის 20- პატარიძეს, 18 კი- ხოჯევანიშვილს. კვლევის თანახმად, გაგზავნილი წერილების თემატიკა, როგორც წესი, მათი საქმიანობის სფეროს ემთხვეოდა.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე გავლენის მოხდენა

ქვემოთ მოცემულ დოკუმენტში ნაჩვენებია ფრაგენტი, სადაც მოცემულია კონკრეტული პირის პირადი მონაცემები, მათ შორის, რის გამო იხდიან სასჯელს და რა ეტაპზეა მითი საქმე. ასევე, რას ითხოვს ის და რა დახმაბას წევს არჩევნებში ამის სანაცვლოდ.

“დოკუმენტებში არსებული ერთ-ერთი პირის შესახებ ინფორმაცია „ტვ პირველის“ რეპორტაჟშიც მოხვდა, რომელშიც ნახსენები პირის მამამ დაადასტურა, რომ მის შვილს, რომელსაც ქურდობის გამო ბრალდება ჰქონდა წარდგენილი, ნამდვილად გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.

სიუჟეტში, აგრეთვე, საუბარია დოკუმენტებში არსებულ მეორე პირზეც, რომელიც პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად გათავისუფლდა. კიდევ ერთ მედიარეპორტაჟში კი, რომელიც ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გადაიცა, ერთ-ერთმა მოქალაქემ ასევე დაადასტურა, რომ არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ მას სასჯელი შეუმსუბუქეს”, – განმარტებულია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხმების მობილიზების სანაცვლოდ მეილები იგზავნებოდა კონკრეტული მსჯავრდებულებისთვის სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესებაზეც.

დოკუმენტების თანახმად, გლდანის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე secrugd@gmail.com-ზე იწერებოდა:

“მოგახსენებთ, რომ X რაიონში ცხოვრობს დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება: ლევანი [გვარი და პირადი ნომერი დაფარულია], დაბადების თარიღი [დაფარულია] სასჯელს იხდის გლდანის [დაფარულია] დაწესებულებაში. ჩვენ თუ შევძლებთ არჩევნებამდე ამ პიროვნების #15 ნახევრადღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანას, (ქსნის ზონა), ჩვენ მოვახერხებთ გლდანის მასივის ქუჩის ბიჭების მხარდაჭერის მოპოვებას და საკმაო რაოდენობის ხმის მიღებას”, – წერია წერილში, რომელსაც ხელს, სავარაუდოდ, ბექა მიქაუტაძე აწერს და რომელიც 18 ოქტომბრით თარიღდება.

მსგავსი წერილი გაგზავნილია სხვა პირზეც

“სამივე წერილში აშკარად ჩანს, რომ მოთხოვნილი იყო არაფორმალური გზით პატიმართა პირობების გაუმჯობესება, რომლის მიზანიც მათი წინასაარჩევნო მიზნით გამოყენება იყო.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ხელთ არსებულ კორესპონდენციაში არ იძებნება ამ პირებზე ინფორმაციის პატარიძისთვის, ხოჯევანიშვილის ან სხვა თანამდებობის პირისთვის მიწოდების მტკიცებულება, თუმცა, ვინაიდან ასეთი დოკუმენტები შიდა მიმოწერაში არსებობს, შესაძლოა, ისინი შესაბამისი უწყებისთვის სხვა გზითაა მიწოდებული”, – განმარტებულია ანგარიშში.

მასალების გადაბეჭდვის წესი