ახალი ამბები

ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული – კელი დეგნანი

21 ივლისი, 2022 •
ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული – კელი დეგნანი

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

„რა თქმა უნდა, ვაშინგტონი კარგად არის ინფორმირებული, ის ყურადღებით ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სხვადასხვა ახალი ამბებისა და ინფორმაციის საშუალებით. ეს იმიტომ, რომ საქართველო არის მისი პარტნიორი და ზრუნავს ქვეყანაზე.

სწორედ ამიტომ ვართ საქართველოში და სწორედ ამიტომ, ჩვენი მხარდაჭერა ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა მიმართულებით იყო ძალიან დიდი“, – განუცხადა ელჩმა დეგნანმა 21 ივლისს ჟურნალისტებს.

ამას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადება, რომლის თანახმადაც:

  1. „საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს, რომ ქართველ ხალხს, რომელიც ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდამჭერია, ყურადღება გადაატანინონ ამ მიზნიდან“ და
  2. „დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანაზე ან მის გუნდზე შეუსაბამოა იმასთან, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“.

ამაზე პასუხად საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა:

„ვაითუ, [პრაისი] კარგად არ არის ინფორმირებული ან კვლავ მისკომუნიკაციას აქვს ადგილი. იმიტომ, რომ მე არ მგონია, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის მხრიდან აშშ-ის ელჩზე თავდასხმას ჰქონდა ადგილი“.

ელჩმა დეგნანმა ასევე განაცხადა, რომ შეერებული შტატები საქართველოში იმ მიზნით იმყოფება, რომ „მხარი დაუჭიროს ქართველ ხალხს, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირისა და ევროატლანტიკური საზოგადოების წევრი“.

„სწორედ ახლახან ვიყავი სვანეთსა და სამეგრელოში და იქ ზუსტად ვნახე ქართველი ხალხი, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ის თანამშრომლობა, რაც წლების განმალოვბის ხორციელდებოდა სხვადასხვა მიამრთუელბით, – ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება თუ სხვა, – კვლავ გაგრძლედეს.
ჩვენ ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერდით საქართველოს ამ 30 წლის განმავლობაში და გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი