ახალი ამბები

CIA-ს დირექტორი: პუტინი ზედმეტად ჯანმრთელად გამოიყურება

21 ივლისი, 2022 •
CIA-ს დირექტორი: პუტინი ზედმეტად ჯანმრთელად გამოიყურება

აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი აცხადებს, რომ პუტინის ავადმყოფობის შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია არ არსებობს. როგორც BBC წერს, აღნიშნულ განცხადებას წინ უძღოდა სპეკულირება მედიაში, რომ ვლადიმერ პუტინი, რომელიც წელს 70 წლის ხდება, შესაძლოა კიბოთი იყოს დაავადებული.

უილიამ ბარნსის თქმით, ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს და დასძენს, რომ რუსეთის პრეზიდენტი „ზედმეტად ჯანმრთელადაც“ კი გამოიყურება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს კომენტარი აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა უკრაინაში მიმდინარე ვითარების შეფასებისას გააკეთა. ბარნსმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას გადასცემს უფრო მეტ შორი მანძილის იარაღს. BBC-ის ცნობით, აღნიშნულის გაცხადების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის სამხედრო ფოკუსი მხოლოდ უკრაინაზე აღარ კონცენტრირდება:

„ბევრი ჭორია პრეზიდენტი პუტინის ჯანმრთელობის შესახებ და ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ის სრულიად ჯანმრთელია, ზედმეტადაც კი“, – აცხადებს ბარნსი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბარნსის ამ განცხადებას სიცილი მოჰყვა, რის შემდეგაც დაამატა, რომ ეს არ არის დაზვერვის ოფიციალური შეფასება. BBC აღნიშნავს, რომ CIA-ს ჩაბარებამდე, ბარნსი მოსკოვში აშშ-ის ელჩად საქმიანობდა, შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს უკვე ორ ათწლეულზე მეტია აკვირდება.

„პუტინი დარწმუნებულია, რომ მისი ბედისწერა, როგორც რუსეთის ლიდერის, არის რუსეთის, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს აღდგენა. მას სწამს, რომ ამისთვის საკვანძოა სამეზობლოზე გავლენის მოპოვება, ეს კი უკრაინის კონტროლის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია“ ,- აცხადებს ბარნსი.

მისი თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მხრიდან დაახლოებით 15 000 ადამიანი დაიღუპა, 45 ათასი კი დაიჭრა, უკრაინის მხარეს დანაკარგები კი ოდნავ მცირეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი