სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებს დღეს, 20 ივლისს შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის ისაუბრეს “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
“მე ვისაუბრე გვარამიას საქმეზე. მათ რეზოლუციაშიც ჰქონდათ ნახსენები გვარამიას საქმე და კიდევ ერთხელ ავუხსენი მათ, რა იყო სახალხო დამცველის პოზიცია გვარამიას განაჩენთან და ბრალთან დაკავშირებით. ასევე ვუთხარი, რომ მე მიმართული მაქვს საქართველოს პრეზიდენტისთვის და აღვნიშნე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მათი მხრიდან ამ საკითხზე სამომავლოდ კიდევ აპელირება, რადგან მიმაჩნია, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ერთ-ერთი ყველაზე დაუსაბუთებელი და უსამართლოა…
სააკაშვილთან დაკავშირებითაც დაინტერესდნენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით და მივაწოდე ინფორმაცია, რასაც ამ წუთას ვფლობ… ბოლო დასკვნა სახალხო დამცველმა აპრილში გამოაქვეყნა და ვინაიდან მასთან უკვე შედიან ექსპერტები და ამზადებენ დასკვნას, სახალხო დამცველი ჩვენი ჩართვის საჭიროებას ამ წუთს ვერ ხედავს. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაზე ვუთხარი, რომ ეს საავადმყოფო და ეს გარემო, ჩემი ექიმების განცხადებით, არ არის მორგებული მისი ავადმყოფობის მკურნალობაზე და [სააკაშვილი] სხვა ტიპის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს”, – განაცხადა ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.
დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.