ახალი ამბები

კობახიძის თქმით, დეგნანისგან ვერ მოისმინა, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლას არავინ იკადრებდა

20 ივლისი, 2022 • 907
კობახიძის თქმით, დეგნანისგან ვერ მოისმინა, რომ საელჩოდან მოსამართლეზე ზეწოლას არავინ იკადრებდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩისგან ვერ მოისმინა განცხადება, რომ საელჩოდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე ზეწოლას „არავინ იკადრებდა“.

კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩმა ან მკაფიოდ უნდა უარყოს მოსამართლეზე ზეწოლა, ან „ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა“.

„მე ველოდი მკაფიო განმარტებას და იმის უარყოფას, რომ ასეთი ჩარევა არ მომხდარა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს წარსულში, როცა კამპანია აგორებული იყო ზეწოლასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის საელჩოდან ამას არავინ იკადრებდა. შესაბამისად, სწორედ ასეთ პასუხს ველოდით ამერიკის ელჩისგან, რომ ის დარწმუნებული იყო, რომ ამერიკის საელჩოში ეს არავის უკადრია. შესაბამისად, ვფიქრობდით, ის უარყოფდა იმ ბრალდებას, რომელიც გაისმა მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან.

თუმცა ეს არ მოვისმინეთ, რაც ძალიან დამაფიქრებელი და ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენთვის საინტერესოა, მივიღოთ მკაფიო პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა, განხორციელდა თუ არა ზეწოლა, თან ასეთი უხეში ფორმით, როგორზეც საუბრობს მოსამართლე ჩხიკვაძე. ეს ფაქტი ან უნდა იყოს უარყოფილი ძალიან მკაფიოდ და ცხადად, ან ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონკრეტული თანამშრომლის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა ქართველ მოსამართლეზე“, – განაცხადა კობახიძემ.


საქმე ეხება აშშ-ის საელჩოს მიერ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის სასამართლოს მხარდამჭერი პროგრამიდან ჩახსნას. აღნიშული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი იყო ჩხიკვაძისა და სხვა მოსამართლეების ვიზიტი აშშ-ში.

პროგრამიდან ჩხიკვაძის ჩახსნის შემდეგ შტატებში ამავე პროგრამის მონაწილე არც დანარჩენი ხუთი ქართველი მოსამართლე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 28 მაისს გავრცელდა, მაგრამ მაშინ აღნიშნულ მოსამართლეებს საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 15 ივლისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ორთვიანი დუმილის დაარღვია და განცხადება გაავრცელა. მის კვალდაკვალ დუმილი დაარღვიეს მოსამართლეებმა — გიზო უბილავამ და რომეო ტყეშელაშვილმაც და მათი კოლეგის მიმართ აშშ-ის საელჩოს დამოკიდებულება ტელეკომპანია „იმედთან“ არაჯანსაღად და ზეწოლად შეაფასეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი